ეროვნული ბანკი მეფე ერეკლე მეორეს თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების სერიის - „საქართველოს მეფეები" გამოშვებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის განცხადებით, აღნიშნული სერიის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.

„ამ ფორმით მოთხრობილი და გამთლიანებული ქვეყნის ისტორია აღიქმება, როგორც კონკრეტული გზავნილი თანამედროვეობისადმი. შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის.

2020 წელს, სერიიდან „საქართველოს მეფეები" პირველი მონეტა გამოვა, რომელიც მეფე ერეკლე მეორეს მოღვაწეობას მიეძღვნება. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტების დიზაინის ესკიზების შესარჩევად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“,-ნათქვამია ინფორმაციაში.