რა ქონებას ფლობს გენერალურ პროკურორად მეორედ არჩეული ირაკლი შოთაძე

პარლამენტმა გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე დაამტკიცა. მას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა (არცერთი წინააღმდეგი).

შეგახსენებთ, რომ ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 19 ნოემბრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით უკვე ხელმძღვანელობდა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე.

როგორც მის მიერ 2019 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში ვკითხულობთ, მეორედ არჩეული გენერალური პროკურორის სახელზეა მხოლოდ 2019 წელს ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული, 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, კერძოდ, დიღომში.

რაც შეეხება სხვა უძრავ ქონებას, მისი მეუღლის, ნინო გოტიაშვილის სახელზეა გაფორმებული. კერძოდ, ირაკლი შოთაძის მეუღლე ფლობს: 2016 წელს 100 000 დოლარად შეძენილ ბინას თბილისში. ასევე, თეთრიწყაროს სოფელი ალგეთში 1,1092 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის ღირებულებაც არ არის მითითებული და ამავე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელ სახლს, რომლის ღირებულებაც 10 000 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, ირაკლი შოთაძე დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა:

"თი–ბი–სი ბანკის" მიმდინარეზე - 1750 ლარს, საკრედიტოზე - 10000 ლარს. ხოლო, დანაზოგის სახით 14000 ლარს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ირაკლი შოთაძეს, საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე, 2018 წლის თებერვლიდან მაისის ჩათვლით, ხელფასის სახით 38400 ლარი აქვს აღებული.

ნინი ქეთელაური