ინოვაციების სააგენტოს მცირე გრანტების პროგრამის ბენეფიციარმა საზოგადოებას პარკირების პრობლემის ახლებური გადაწყვეტა შესთავაზა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დასრულდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტო-ლიფტი ხელს უწყობს პარკირების პრობლემის გადაჭრას. პირველად საქართველოში, ქართველი ინჟინრების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით დამზადებულია ამწე-მექანიზმი, რომელიც ხელმისაწვდომობასთან ერთად ტექნიკურად საიმედოა. ამწეს არ აქვს სიმაღლის შეზღუდვა და იწყობა ძალიან მარტივად.

ავტო-ლიფტის იდეა და დამუშავება განახორციელა შპს „რევერსმა“, დამზადდა რუსთავის ლითონის კონსტრუქციების ქარხანაში. ავტო-ლიფტი ცვლის ძვირადღირებულ და მოუხერხებელ პანდუსს, იგი მონტაჟდება ნებისმიერი შენობის სარდაფის სართულზე და აჰყავს და ჩამოჰყავს მანქანა ნებისმიერ სიმაღლეზე. მექანიზმი (გამოგონება) დაცულია პატენტით.

შპს „რევერსის“ შექმნილია ასევე პირველი ქართული ვერტიკალური პარკინგის სისტემა, რომლის საცდელი ნიმუში დამონტაჟებულია თბილისის ვაგონმშენებელ ქარხანაში. შპს „რევერსის“ მიერ დაპატენტებულია პარკირების მრავალნაირი ვარიანტი, რომლებიც მორგებულია თბილისის რთული გეოგრაფიული რელიეფისთვის.