საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქმნება ახალი ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაში მდებარეობს.
როგორც მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ განაცხადა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს, დაცული ტერიტორიების რაოდენობა 100 000 კვ. მ.-ით გაზარდოს.
„2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს ქვეყანაში 9.6%-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმავს 2020 წელს 100 000 კვ. მ.-ით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა. დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ურუშეთის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ, რომელიც გახლავთ სასაზღვრო ზონაში და რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობისა და ასევე, წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის. ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ვქმნით ისეთ მნიშვნელოვან არეალს, სადაც ხელს შევუწყობთ გარემოს დაცვას. გარდა ამისა, ხდება ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის გაფართოება 4 000 კვ. მ.-ით, რაც ნიშნავს, რომ ეს უნიკალური ტერიტორია კიდევ უფრო ეფექტურად შეძლებს სახეობების შენარჩუნებას. აქ კონკრეტულად საუბარია კავკასიური ირმის და არჩვისთვის მცირეკავკასიონის დასავლეთის ქედებისკენ კორიდორის შექმნაზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია წითელი წიგნის ნუსხის ცხოველების გადასარჩენად”, - განაცხადა გახარიამ.