ტურისტების ფატალურად დასრულებული მოგზაურობა საქართველოში - შსს უცხოელი ვიზიტორების გარდაცვალებაზე  სტატისტიკას არ აწარმოებს

2020 წლის თებერვალში გუდაურში რუსი ტურისტი ზვავში მოყვა, რამდენიმედღიანი სამძებრო-სამუშაობის შემდეგ კი გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უცხოელი ვიზიტორი საქართველოში მოგზაურობას ფატალურად ასრულებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, 2018 და 2019 წლებში რამდენი უცხოელი ტურისტი გარდაიცვალა საქართველოს ტერიტრორიაზე, რისთვისაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, მსგავს სტატისტიკას არ აწარმოებენ.

„წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ მოთხოვნილ სტატისტიკურ მონაცემებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აწარმოებს“,-ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კონკრეტული სტატისტიკის გარეშე, ჩვენ შევეცდებით გაგახსენოთ ბოლო ფაქტები, როდესაც ტურისტების საქართველოში ვიზიტი ფატალურად დასრულდა.

2019 წლის 1-ლი იანვარი - გუდაურში, უბედური შემთხვევის შედეგად, ფილიპინელი ტურისტი დაიღუპა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, უცხოელი ვიზიტორები პარაპლანით გუდაურიდან გამოფრინდნენ, ღუდის ხეობაში კი მართვა დაკარგეს და მდინარე არაგვში ჩავარდნენ. მომხდარის შედეგად, ერთი მათგანი გარდაიცვალა.

2019 წლის 24 ივნისი - რიყეზე, მეტეხის ეკლესიის ეზოდან სამი ტურისტი გადავარდა, რომელთაგან ორი ადგილზევე დაიღუპა. მესამე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სამივე გარდაცვლილი კორეის მოქალაქე იყო.

2019 წლის 24 ივლისი - სვანეთისკენ მიმავალ გზაზე ტურისტი ხევში გადავარდა და გარდაიცვალა. ამის მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა. ავტომობილს ჩინელი ტურისტი მართავდა, რომელმაც საჭე ვეღარ დაიმორჩილა, ლახანის მონაკვეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.

2019 წლის 1-ლი აგვისტო - ნინოსხევის ჩანჩქერიდან გერმანელი ტურისტი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ეს მომხდარი უბედური შემთხვევების მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია.

ნინი ქეთელაური