გიორგი გახარია - ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის შემდგომი განვითარებისთვის

ფონდების შესახებ კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის შემდგომი განვითარებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე საუბრისას მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, კანონზე მუშაობა 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა.

„მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს, რომელიც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს. პირველ რიგში, ეს გახლავთ ფონდების შესახებ კანონი. ამ კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა, დაახლოებით, 4 წელი. ეს მუშაობა დასრულდა წარმატებულად. ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ფონდების შესახებ ეს კანონი არის უაღრესად აუცილებელი კაპიტალის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს ჩვენ ეს მუშაობა დავასრულეთ და შესაბამისი კანონმდებლობა გადაეგზავნება პარლამენტს. რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესგარემოს განვითარებისა და უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის. ეს იქნება კიდევ წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეკონომიკაში კაპიტალის გადანაწილებისთვის, კაპიტალის ბაზრის განვითარება, ისევე როგორც ფონდების შესახებ კანონი, იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.