"ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება და მას, დაახლოებით, 4 ათასი ჰექტარი დაემატება"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გაფართოვდება და მას, დაახლოებით, 4 ათასი ჰექტარი დაემატება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა.

დავითაშვილის განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს ეკოკორიდორების ჩამოყალიბებას.

„იცით, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ერთ-ერთი ყველაზე ძველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის არეალია ფლორისა და ფაუნის მთელი რიგი სახეობებისთვის, როგორც წმინდა ნაძვნარისთვის, ნაძვნარ-ფიჭვნარისთვის და ასევე სოჭისთვის. გარდა ამისა, ის არის ირმის განსაკუთრებული ჰაბიტატი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ არჩვისა და ირმის პოპულაცია გაიზარდა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ჩვენი მონიტორინგის შედეგად, 500 ერთეულზე მეტი ჯიხვი და არჩვია. ეს გაფართოება, რომელიც, დაახლოებით, 4000 ჰექტარს დამატებით ტერიტორიას მოიცავს, მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს არეალების გაზრდას, ეკოკორიდორების ჩამოყალიბებას, იმისთვის, რომ ამ იშვიათი სახეობების გადაადგილებას არ შეექმნას საფრთხე და პირიქით, მოხდეს პოპულაციის გამრავლება და დაცვა.

დღეს 60 ათასი ჰექტარი იყო, დაახლოებით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და გახდება, დაახლოებით, 65 ათასი ჰექტარი", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.