ბრიტანეთში არაკვალიფიციურ მუშახელზე სამუშაო ვიზებს აღარ გასცემენ.
BBC-ის ცნობით, Brexit-ის შემდეგ დიდ ბრიტანეთში სამუშაო ვიზების გაცემის წესი შეიცვლება და არაკვალიფიციურ მიგრანტებს ქვეყანაში მუშაობის უფლება აღარ ექნებათ.
ცვლილებები ქვეყანაში მიმდინარე წლის ბოლოდან მას შემდეგ ამოქმედდება, რაც დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ დატოვებს.
როგორც ცნობილია, ცვლილება არ შეეხება კვალიფიციურ მუშახელსა და კონკრეტული დარგის სპეციალისტებს. ისინი ბრიტანეთში ცხოვრებასა და მუშაობას დაბრკოლების გარეშე გააგრძელებენ.
როგორც ცნობილია, ბრიტანეთში მუშაობის მსურველებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ, სადაც საკუთარ მონაცემებსა და უნარებს დაასახელებენ. ვიზის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, ვინც 70 ან მეტ ქულას მოაგროვებენ.
ამასთანავე, ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით ე.წ. „სეზონური სამუშაოს“ მიღების უფლება წელიწადში მხოლოდ 10 000 ადამიანს ექნება.
რეგულაციების გამკაცრების მთავარ მიზეზად ბრიტანეთის ხელისუფლება ქვეყანაში მიგრანტების ახალი ნაკადის შემოდინების შემცირებასა და ადგილობრივი მუშახელის წახალისებას ასახელებს.