დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული კორტები სპორტული კომპლექსის მოწყობის მიზნით გაიყიდება.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას აღნიშნა, მომავალ კვირას შესაბამის ტენდერის გამოსაცხადებლად დოკუმენტაცია მზად იქნება.
„წინა ხელისუფლების დროს ამას სამარცხვინო აქტს დავარქმევდი, 2009 წელს მთავრობამ საბურთალოს ქუჩასა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებულ კორტები გაასხვისა ყაზახურ კომპანიაზე და ამ კორტების ადგილზე კორპუსები უნდა აშენებულიყო. რა თქმა უნდა, ჩვენი ჩართულობით არ მივეცით ამის შესაძლებლობა. მინდა ყველა იმ ადამინს გადავუხადო მადლობა, ვინც ამ პრობლემის მოგვარებაში იყო ჩართული. ასევე ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები ლევან გოგიჩაიშვილი და ვატო შაქარაშვილი, რომლებიც ჩართულები იყვნენ და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენს გუნდში არ არიან და ხშირად გამოირჩევიან არასწორი მესიჯების გაჟღერებით ჩვენი გუნდის მიმართ, მე მაინც ვალდებული ვარ აღვნიშნო, ამ ადამიანების როლი იმაში, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვახერხეთ და ეს კორტები დავიბრუნეთ. გვინდა, რომ გავყიდოთ ეს ტერიტორია. ჩავატაროთ ტენდერი და ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს სპორტული კომპლექსი, 4 ჩოგბურთის კორტი ერთი ღია ან დახურული საცურაო აუზი და სატრენაჟორო დარბაზი“,-აღნიშნა კალაძემ.