"სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2500 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუბრუნდება"

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2500 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუბრუნდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეთანხმება თბილისის მერიასა და კომპანია „m2“ შორის უკვე მიღწეულია, მემორანდუმი გაფორმებულია და მარტის დასაწყისში მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებზე შესაძლებელი იქნება სამუშაოების გაგრძელება.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი სიახლეები მაქვს და მინდა თბილისელებს მივაწოდო ეს ყველა ინფორმაცია. პირველი, მინდა დავიწყო საკითხით, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა 2500 ოჯახისთვის. საქმე ეხება სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულებს. თქვენ იცით, ჩვენ როდესაც მოგვეცა უფლებამოსილება და დავიწყეთ მერიაში მუშაობა, ეს პრობლემა წარმოიქმნა. ვისაც ეგონა, რომ ჰქონდა საცხოვრებელი ფართი, ერთ მშვენიერ დღეს ნახეს, რომ ეს ყველაფერი დაკარგულია. არც ფართი არსებობს, არც კომპანიას აქვს შესაძლებლობა, რომ მშენებლობა განაგრძოს, დაამთავროს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც კომპანიას 2500 ოჯახის წინაშე ჰქონდა აღებული.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე იყო თითოეული ადამიანისთვის და ჩვენ ჩვენი ჩართულობით, ჩვენი მუშაობით, მოვახერხეთ ის, რომ გამოინახა სამშენებლო კომპანია „m2“, რისთვისაც მათ მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, გაფორმდა მემორანდუმები და დღეს სიახლე, რაც მინდა საზოგადოებას მოვახსენო არის ის, რომ ყველა პროექტზე, ეს ეხებოდა მირცხულავას, ნუცუბიძისა და ჭყონდიდელის ქუჩებს, ყველა ამ მისამართზე პროექტები არის შეთანხმებული. შესაბამისად, მომდევნო კვირაში შესაძლებელი იქნება სამშენებლო ნებართვების გაცემა და პარალელურად მარტის დასაწყისში შესაძლებელია უკვე სამუშაოების წარმოება, ანუ მშენებლობის გაგრძელება ამ კონკრეტულ მისამართებზე. მე ძალიან მიხარია, რომ ამ ადამიანებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ რაზეც თანხა აქვთ გადახდილი და ამდენი ხანი ელოდებოდნენ, პროექტები განხორციელდება და დაიბრუნებენ თავიანთ საცხოვრებელ ფართებს, საკუთარ ბინებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც მან ასევე აღნიშნა, ამ მიმართულებით კიდევ ბევრი პრობლემაა და დედაქალაქის მერია პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენ კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგალითად სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახები. ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, არ ვჩერდებით და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ამ პრობლემასაც მოვაგვარებთ, 6000-ზე მეტ ოჯახს გავაბედნიერებთ და დავუბრუნებთ სიხარულს ამ ფართების გადაცემით. იგივე პრობლემა აქვს სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაზარალებულ ოჯახებს. ანალოგიურად მიმდინარეობს მუშაობა და აქაც უახლოეს მომავალში შედეგი იქნება მიღწეული“, - აღნიშნა კალაძემ.