„2020 წლის იანვარში გაგრძელდა საქართველოს ექსპორტის წინმსწრები, 2.5-ჯერ უფრო სწრაფი ზრდა იმპორტის ზრდასთან შედარებით (შესაბამისად, +10.0% და +4.0%). მთლიანმა სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარში 882.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 5.7 პროცენტით გადააჭარბა. ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ იანვარში 42.4 პროცენტი შედგინა, რაც წინა წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.4 პუნქტით აღემატება. ამასთან, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ფაქტობრივად პირველად დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების ისტორიაში, 12-თვიანი პერიოდის მიხედვით ექსპორტის აბსოლუტურმა მატებამ გადაასწრო იმპორტის აბსოლუტურ მატებას,“ – ასე ეხმაურება „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკონომიკის ექსპერტი იოსებ არჩვაძე 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის მონაცემებს.
ექსპერტის შეფასებით, აღნიშნულის წყალობით საგარეო სავაჭრო დეფიციტი შემცირდა 0.2 მლნ აშშ დოლარით და 357.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია - წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.9 პუნქტით უკეთესი მაჩვენებელი (2019 წლის იანვარში - 42.8%).
აღსანიშნავია, რომ მთლიანი ექსპორტის ზრდის ტემპთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი იყო ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტის (- ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) ზრდა. - მისმა მოცულობამ 2020 წლის იანვარში 177.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი ექსპორტის 67.4 პროცენტი) და წინა წლის იანვართან შედარებით 12.4 პროცენტით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში საგრძნობლად აღემატება ჩვენი ქვეყნის ბოლო 2 წლის (2018 და 2019 წწ.) წლიურ მაჩვენებლებს.
იოსებ არჩვაძემ განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ იანვრის მთლიანი ექსპორტის მატების 82 პროცენტი მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის მატებაზე მოდიოდა.
მისი თქმით, 2020 წლის იანვარში დაფიქსირდა ცვლილებები ექსპორტის გეოგრაფიაში - გაიზარდა ექსპორტი ჩინეთში, რომელზეც მოვიდა მთლიანი ექსპორტის თითქმის მეოთხედი.
„საქართველოს 2020 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები საკმაოდ დამაიმედებელი სტარტის ნიშნებს ატარებენ. კარგი დასაწყისი კი, როგორც იტყვიან, საქმის ნახევარია,“ - წერს იოსებ არჩვაძე.