სემეკის მიერ ჩამოწერილი თანხების საერთო რაოდენობა 97.560.83 ლარს შეადგენს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელა.

სემეკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკითხების უმეტესობა მოქალაქეებსა და კომპანებს შორის არსებულ დავებს შეეხებოდა. კომპანიების მხრიდან დარიცხული და 25 სექტემბრის საჯარო სხდომაზე კომისიის მიერ ჩამოწერილი თანხების რაოდენობა ჯამში 97, 560.83 ლარს შეადგენს.

კომისიის გადაწყვეტილებით, მოქალაქე ლ. მიქაძეს ჩამოეწერა შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" მიერ დარიცხული 298.68 ლარი. ამასთანავე, კომპანიას დაევალა აბონენტისათვის მრიცხველის შეცვლა საკუთარი ხარჯებით. დაკმაყოფილდა მოქალაქე ო.დათუაშვილის საჩივარი შპს "სოკარ ჯორჯია გაზი–იმერეთის" წინააღმდეგ და აბონენტზე დარიცხული 763.09 ლარი უსაფუძვლოდ ჩაითვალა.

შპს "კომპანია ენისელის" მიმართ სს "თელასის" მიერ დარიცხული 96 499.06 ლარი ჩაითვალა ხანდაზმულად და ჩამოწერას დაექვემდებარა.

მოქალაქე ი.წყაროზიას სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" დადგენილება გაუქმდა. კანონით დადგენილი 10 დღიანი გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, შპს "ყაზტრანსგაზ თბილისის" დადგენილება მოქალაქე თ.გიორგაძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე კომისიამ განუხილველი დატოვა. გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში მოქალაქეს უფლება აქვს კომისიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.