2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე შენობებს, რომელთაც რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ

2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ. პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონპროექტს.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, ახალი შენობები ან მათი ნაწილები, ასევე არსებული შენობები, რომლებიც იყიდება, ქირავდება ან იჯარით გაიცემა, დაექვემდებარება სერტიფიცირებას, ხოლო სერთიფიკატის მოქმედების ვადა იქნება 10 წელი.

ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება სავალდებულო იქნება საჯარო დაწესებულების სარგებლობაში არსებული იმ შენობებისთვისვისაც, რომელთა საერთო ფართი 500 მ²ს აღემატება და რომელსაც ხშირად სტუმრობენ გარეშე პირები,

კანონპროექტის მიხედვით, შენობის ენერგოეფექტიანობის სერტიფიცირება მესაკუთრის ვალდებულება იქნება და დამოუკიდებელ ექსპერტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.

როგორც კანონპროექტის მომხსენებელმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეებმა უნდა ნახონ სარგებელი, რაც მათ მიერ გადახდილი გადასახადების შემცირებაში გამოიხატება.

ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებები არ გავრცელდება:

ა) შენობებზე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუ ენერგოეფექტიანობის მინიმალურ მოთხოვნებთან მათი შესაბამისობაში მოყვანა გამოიწვევს მათი განსაკუთრებული ხასიათისა და გარეგნული იერსახის ცვლილებას;

ბ) საკულტო - რელიგიური დანიშნულების მქონე შენობებზე;

გ) დროებით შენობებზე, რომლებიც განკუთვნილია არაუმეტეს ორი წლის ვადით გამოყენებისთვის, სამრეწველო ობიექტებზე, საამქროებზე და დაბალი ენერგო მოთხოვნის მქონე არასაცხოვრებელ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობებზე;

დ) საცხოვრებელ შენობებზე, რომლებიც გამოიყენება ან განკუთვნილია წელიწადში ოთხ თვეზე ნაკლები პერიოდით გამოსაყენებლად;

ე) ცალკე მდგომ შენობებზე, რომელთა სასარგებლო ფართი 50 მ2-ზე ნაკლებია.