სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთზე წინა საკვალიფიკაციო წინადადებები გაიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ წინა საკვალიფიკაციო შერჩევის ეტაპზე, დაინტერესებული კომპანიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა.

წინა საკვალიფიკაციო წინადადება 24-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე წრამოდგენილი წინადადებების შერჩევა - შეფასება მოხდება.

„აღნიშნულ მონაკვეთზე, პირველ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა.

სამტრედია - გრიგოლეთის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის (ლოტი 3) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. პროექტი 4 ზოლიანი ასფალტ - ბეტონის გზის, 6 სახიდე გადასასვლელის, 2 სატრანსპორტო კვანძის, საქონლისა და საველე გასასვლელების მშენებლობას ითვალისიწინებს. გზის აღნიშნული მონაკვეთი გურიის რეგიონში ქ. ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს გაივლის.

სამტრედია - გრიგოლეთის გზა (სულ 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება) ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი - სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდ. ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. აღნიშნული გზის ჩქაროსნულ მაგისტრალად მოდერნიზების პროექტი 4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება.

პროექტის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე მზარდი სატრანსპორტო ნაკადების გამტარუნარიანობის, ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისა და შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლის უზრუნველყოფა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამტრედია - გრიგოლეთის გზის მესამე მონაკვეთის პროექტის განხორციელების ვადად 24 თვეა განსაზღვრული.