ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში 2019 წელს 1 ლარად, საინვესტიციო ვალდებულებებით, პრივატიზებული სახელმწიფო ქონების შესახებ კომენტარს აკეთებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, 2019 წელს 1 ლარად გაყიდული ქონების მაღალი ღირებულება ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის ასაშენებლად პრივატიზებული ქონების მაღალი საბაზრო ფასითაა განპირობებული.
კერძოდ, საინვესტიციო ვალდებულებებით, პრივატიზებული ქონების ღირებულებამ გასულ წელს ჯამში 85 მილიონი ლარი შეადგინა, სადაც 68 მილიონი ლარი ქუთაისში ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობის მიზნით გასხვისებული ქონების ღირებულებაზე მოდის. მათივე ინფორმაციით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს.
„2019 წელს 1 ლარად და საინვესტიციო ვალდებულებებით გასხვისებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 85 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქედან 68 მილიონ ლარს ქალაქ ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩა 41-ში მდებარე 100 ჰა მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენდა, რომელიც შპს „ბიგსერვისს“ ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის გადაეცა. საინვესტიციო ვალდებულებების მიხედვით, ინვესტორმა სულ მცირე 300 ადამიანი უნდა დაასაქმოს და 5000 ელექტრომობილის წარმოება უზრუნველყოს. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში კომპანია პირველი ელექტრომობილის პრეზენტაციას აანონსებს“, - განუცხადეს უწყებაში „ინტერპრესნიუსს“.