საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო უცხოურ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-სთან ხელშეკრულება მეორედ გაწყვიტა. თავდაპირველად მაშინ, როდესაც კომპანიამ სამტრედია-გრიგოლეთის მესამე ლოტზე სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულა და მეორედ ახლა, როდესაც ხულო-ზარზმის გზის 2 მონაკვეთს რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ვერ ჩაუტარა.
არადა, TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე 110-მილიონიანი ხელშეკრულება მაშინ გაფორმდა, როდესაც მთავრობისთვის უკვე ცნობილი იყო, რომ აღნიშნული კომპანია წინა ტენდერით გათვალისწინებულ ვალდებულებას არაჯეროვნად ასრულებდა. საქმე ეხება სწორედ სამტრედია-გრიგოლეთის 12 კმ-იან გზას, რომლის ღირებულებაც 30 მლნ ლარს შეადგენდა.
როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს ყველა პირობა ჰქონდა პროექტის განსახორციელებლად, კონტრაქტორმა ვერ მოახერხა მობილიზება და შესაბამისი სამუშაოების წარმოება ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება კომპანია TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A-სთან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ამ ეტაპზე, გამოთხოვილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. რაც შეეხება ხულო-ზარზმის პროექტის განვითარებას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან შეთანხმება მიღწეულია და ახალი ტენდერების გამოცხადება მიმდინარე წლის მარტის თვეშია დაგეგმილი.
ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზის ყველაზე მჭიდრიოდ დასახლებული 5 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსდება. ხოლო 2 ლოტად გაყოფილი 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია, ისევ ქუვეითის ფონდისა და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და TODINI COSTRUZIONI GENERALI S.p.A.-ს შორის ხელშეკრულებები ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 2 მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებზე 2018 წლის 2 აგვისტოს გაფორმდა. 110,2 მილიონი ლარის სამუშაოები, რომელიც არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდის მიერ ფინანსდებოდა, მშენებელ კომპანიას 2020 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა დაესრულებინა.
TODINI Costruzioni Generali S.p.A. გასული საუკუნის 50-იან წლებში იტალიაში დაფუძნდა. თავდაპირველად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს კომპანია იტალიის ცენტრალურ ნაწილში ახორციელებდა, შემდგომ მთელი ქვეყნის მასშტაბით.
უკვე 1990-იან წლებში TODINI Costruzioni Generali S.p.A საზღვრებს გასცდა. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, მას შემდეგ, რაც „ტოდინმა“ საქმიანობა უცხოეთშიც დაიწყო, პირველი იყო ალჟირი და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნები. მთლიანად, კომპანიამ აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დაასრულა გზის სარეაბილიტაციო პროექტები, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია.
2016 წლის მარტში TODINI Costruzioni Generali S.p.A-ს 100%-იანი წილის მფლობელები ყაზახები გახდნენ. იტალიური „ტოდინი“ ყაზახურმა PRIME Systems KZ-მა შეიძინა. დღეს TODINI Costruzioni Generali S.p.A-ს გენერალური დირექტორი არის თურქეთის მოქალაქე აჰმედ ბუდანი. დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია ყაზახი ბიზნესმენი - ხურამ მურადოვი, საბჭოს წევრები არიან პრასად ბამრე, ფაბიო ფოლია და მუჰსინ ახმადოვი.