კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ბოლო დღეების განმავლობაში კერძო თვითმფრინავებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
BBC-ის ცნობით, ჩინეთის მიმართულებით ფრენების გაუქმების შემდეგ ასობით ადამიანი მათთვის არასასურველ ადგილას აღმოჩნდა და დაგეგმილი მარშრუტით გადაადგილება ვეღარ მოახერხა. ამის გამო შედარებით მდიდარმა ადამიანებმა კერძო თვითმფრინავების მეშვეობით სამშობლოში დაბრუნება შეძლეს.
ამასთანავე, ზოგიერთი მგზავრი კორონავისურით დაინფიცირების საფრთხის გამო გადაადგილებას კერძო თვითმფრინავით ამჯობინებს, რადგან ამ გზით ხალხთან ნაკლები კონტაქტი უხდებათ და დაინფიცირების შანსიც იკლებს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად კერძო თვითმფრინავების მომსახურების მაღალი ფასებისა, ზოგიერთი ოპერატორისთვის ჩინეთის მიმართულებით ავიარეისები წამგებიანია, რადგან დასაფარი მანძილი ძალიან დიდია.
რაც შეეხება კერძო თვითმფრინავების დაქირავების ფასებს, 2-4 ადგილიანი მცირე ზომის თვითმფრინავის 1 საათის განმავლობაში დაქირავება საშუალოდ 2 400 აშშ დოლარი ღირს, 10-ადგილიანის კი 6 000 აშშ დოლარი.
ავსტრალიაში არსებული კერძო თვითმფრინავების ოპერატორი კომპანიის, Paramount Business Jets-ის განცხადებით, მაღალი მოთხოვნის მიუხედავად ისინი შეკვეთებს ვერ ასრულებენ:
„კომპანიების უმეტესობას არ სურს ჩინეთის მიმართულებით თვითმფრინავები გაგზავნოს, რადგან მას რისკები ახლავს. არსებობს იმის საშიშროება, რომ კორონავირუსი ეკიპაჟს გადაედოს. ამასთანავე, ჩინეთიდან დაბრუნების შემდეგ მათ 15 დღე კარანტინში უნდა გაატარონ და მუშაობას ვერ შეძლებენ“-ნათქვამია განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 2 004-მდე გაიზარდა, ვირუსით დაინფიცირების დადასტურებული შემთხვევები კი 74 000-ს აჭარბებს.