Apple-ს კორონა ვირუსის გამო წარმოება ჩინეთიდან ტაივანში გადააქვს

კომპანიამ Apple-მ უკვე დაიწყო იმ გაჯეტების წარმოების გადავადება, რომლებიც დაგეგმილი იყო 2020 წლის პირველ ნახევრამდე. როგორც გამოცემა DigiTimes-ი წერს, აღნიშნული დაკავშირებულია წარმოების ჩინეთიდან ტაივანში გადატანასთან. კონკრეტულად საუბარიაა AirPods Pro Lite, iPad და Apple Watche-ის წარმოებაზე.

ამ გზით კომპანია ცდილობს, კორონავირუსის შედეგად გამოწვეული პრობლემების შედეგები, რომელიც მიწოდების ჯაჭვთან არის დაკავშირებული, თავიდან აირიდოს. ის გეგმავს მუდმივად გაზარდოს ტაივანში წარმოების წილი ისე, რომ ამავდროულად შეინარჩუნოს სხვა მომწოდებლებთან თანამშრომლობა.

როგორც ცნობილია, Apple-ს ამ დრომდე გაურკვევლობა შეექმნა შემოსავლების პროგნოზირების ნაწილშიც. კომპანიისთვის რთულია დაგეგმოს და პროგნოზი გააკეთოს იმ მდგომარეობაში, რომელშიც აღმოჩნდა ჩინეთი. ეს ქვეყანა კი გარდა იმისა, რომ მისი პროდუქციის წარმოებისთვის უმნიშვნელოვანესია, ასევე მნიშვნელოვანი ბაზარია მისი პროდუქციის რეალიზებისთვის.

ცნობისათვის, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრში ქალაქ უხანიდან დაახლოებით 500 კილომეტრში მდებარეობს კომპანიის iPhone-ებისთვის კომპონენტების მიმწოდებელი Foxconn და Pegatron-ის ქარხნები, რომლებიც ამერიკული ბრენდის უმსხვილესი მწარმოებლები არიან. ეს კომპანიები გეგმავენ თებერვლის ბოლოსთვის სანახევროდ მაინც აღადგინონ წარმოება, ხოლო მარტში 80%-მდე.

კოკა კვირკველია