თბილისის მერია „ჭკვიანი შუქნიშნების“ გარკვეული რაოდენობის შესყიდვას წელს გეგმავს

თბილისის მერია „ჭკვიანი შუქნიშნების“ გარკვეული რაოდენობის შესყიდვას წელს გეგმავს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელება მოძრაობის განტვირთვის შესაძლებლობას იძლევა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. გერმანიის განვითარების ფონდთან ერთად ვთანამშრომლობთ. გვინდა, რომ ქალაქში შუქნიშნების სისტემა იყოს მოწესრიგებული. ეს გარკვეულ შვებას მოგვცემს. საცობების თვალსაზრისით, ვიცით თუ რამხელა პრობლემაა ქალაქში, განსაკუთრებით ბოლოს წლების განმავლობაში, როდესაც ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად დაახლოებით, 7%-ით იზრდება, შესაბამისად საცობებიც იზრდება. „ჭკვიანი შუქნიშნების“ პროექტის განხორციელება ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ეს შუქნიშნები ერთმანეთს უყურებდნენ ტექნიკურად და პროგრამულად და მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ სადაც საცობია, თვითონ შუქნიშანმა დაარეგულიროს, რამდენ წამში უნდა გაუშვას მოძრაობა. ეს იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ კონკრეტულ კვანძებზე მოძრაობა განიტვირთოს, რომლებიც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ეს საკმაოდ, ძვირადღირებული პროექტია. ამას ერთი წელი არ დასჭირდება, გარკვეული დრო დასჭირდება ამ პროექტის განხორციელებას და ეტაპობრივად ჩვენ ვიწყებთ მის გაკეთებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.