არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - „ქართულ მრავალხმიანობასა“ და „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე განმარტებით, ეს ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას, მათ შენარჩუნებასა და მომავალი თაობისთვის გადაცემას.
„ქართული მრავალხმიანობა“, რომელიც 2001 წელს UNESCO-მ კაცობრიობის ზეპირსიტყვიერი და არამატერიალური მემკვიდრეობის შედევრად აღიარა, ქართველი ხალხის ტრადიციული მუსიკალური კულტურისა და ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო. იგი წარმართული ეპოქისთვის დამახასიათებელი სინკრეტული ფორმებით გამოხატავდა თავიდან ქართველური ტომების, შემდეგ კი ქართველი ერის მსოფლშეგრძნებას, სამყაროს ხედვის თავისებურებებსა და წარმოდგენებს.
ქრისტიანულ ეპოქაში იგი განაგრძობდა სიცოცხლეს როგორც საერო ყოფის, ისე სასულიერო ღვთისმსახურების განუყოფელი ნაწილი და ხალხურ წარმოდგენებთან ერთად ქართველი ერის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას გამოხატავდა.
მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან საზოგადოებრივ ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები ქართულ ტრადიციულ საერო და სასულიერო მრავალხმიანობაშიც აისახა.
საქართველოს ზოგიერთ სოფელში პირვანდელი სახით შემორჩენილი საერო მრავალხმიანობა, უმეტესწილად სასცენო-საშემსრულებლო სახით არსებობს. თავისი მაღალი მხატვრული ღირებულების გამო ამჟამად მხატვრულ-ესთეტიკურ ფუნქციას ასრულებს და ქართველების ეროვნული იდენტობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.
ქართული მრავალხმიანობა 2008 წელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კონვენციასთან საქართველოს შეერთების შემდეგ, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.
„ქართულ მრავალხმიანობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2014 წელს მიენიჭა.
რაც შეეხება „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ ის გავრცელებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, როგორც ქალაქებში, ისე სოფლებში მცხოვრებ ოჯახებში. სუფრის კულტურა, რელიგიური და ეროვნული განსხვავების მიუხედავად, ასევე გავრცელებულია საქართველოს ყველა თემში.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის „ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)“ წარმოშობის თარიღის განსაზღვრა რთულია. 2006 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს მცირე ზომის ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნეს მიეკუთვნება. მინიატურული ზომების მიუხედავად, მამაკაცის ქანდაკება ყანწით ხელში თანამედროვე თამადის ისტორიულ წინაპრად არის მიჩნეული.
ქართული სუფრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს ასევე იძლევა ადრეული, შუა და გვიანი პერიოდის წერილობითი წყაროები, როგორიცაა: „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“, „ქართლის ცხოვრება“, „ხელმწიფის კარის გარიგება“, „დასტურლამალი“, იესე ბარათაშვილის „ცხოვრება-ანდერძი“, „კალმასობა“. აქვე უნდა აღინიშნოს XV-XIX სს. მოგზაურთა: ამბროზიო კონტარინის, დიონიჯი კარლის, ჟან შარდენის ჩანაწერები და სხვა მასალები.
„ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართული სუფრა)" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.