შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ადიგენის რაიონში, 28 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 26 კგ. და 545 გრ. უაქციზო თუთუნის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. აქედან, ერთ შემთხვევაში, ამოღებული უაქციზო თუთუნის რაოდენობიდან და ასევე საბაზრო-სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიგზავნა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.