„როსსელხოზნადზორმა“ ჩინეთიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების იმპორტი აკრძალა. ამის მიზეზი კორონა ვირუსი და აფრიკული ღორის ცხელების შესაძლო გავრცელების თავიდან არიდება გახდა.
აკრძალვა ასევე ეხება ქარხნულად შეფუთულ პროდუქტს. გარდა ამისა, სანიტარული სამსახურის თანამშრომლებს დაევალათ, რომ ქვეყანაში არ შევიდეს ხორცპროდუქტების მცირე მოცულობაც კი, რომელიც მგზავრებს ხელბარგში ექნებათ.
ამ გადაწყვეტილებამდე კორონა ვირუსის გამო რუსეთის მთავრობამ ჩინელების ქვეყანაში შესვლა აკრძალა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა აღნიშნულ ბრძანებას უკვე ხელი სამშაბათს მოაწერა, რომლის თანახმადაც აიკრძალა სამუშაო, ტურისტული და სტუდენტური ვიზების გაცემა ჩინელებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული აკრძალვა არ ეხება სატრანზიტო მგზავრებს. რუსეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება ახსნა იმ ფაქტით, რომ დაავადება ძალზე მასშტაბურ ფორმებს იღებს და შესაბამისად, ის ცდილობს თავისი მოქალაქეების უსაფრთხოება დაიცვას.