„ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა“ - ეს სიტყვები „ტოიოტას ინდუსტრიის“ ერთ-ერთ ფუძემდებელს საკიჩი ტოიოდას ეკუთვნის. ამ პრინციპზე დაყრდნობით, „ტოიოტა“ შეუჩერებლად განაგრძობს განვითარებას, ქმნის ავტომობილების უახლეს ტექნოლოგიებსა და მოდელებს, ცდილობს საუკეთესო პროდუქტით უზრუნველჰყოს ადამიანები მთელ მსოფლიოში, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ეროვნებისა და შესაძლებლობებისა იმ მიზნით, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შეძლოს საკუთარი ტოიოტას აღმოჩენა. ამით „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ერთი შეხედვით შეუძლებელს სრულიად შესაძლებელს და ხელშესახებს ხდის.
„საკიჩი ტოიოდას ეს სიტყვები „ტოიოტა მოტორ კორპორაციისთვის“ დიდი ხანია ერთგვარი სლოგანი გახდა. ამ პრინციპს ემყარება „ტოიოტას“ საავტომობილო ინდუსტრიის განვითარება და დილერებიც ამ პრინციპს მივჰყვებით“, - ამბობს საქართველოში „ტოიოტას“ პირველი ოფიციალური დილერის, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი.
- „ტოიოტას“ ისტორია ელექტროსართავი დაზგით იწყება, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონა საკიჩი ტოიოდამ. ეს იყო რევოლუციის ტოლფასი ტექსტილის წარმოებაში. შემდეგ, თავის ვაჟთან, კიიჩიროსთან ერთად, შექმნა კომპანია „Toyoda Automatic Loom Works“. ეს უკვე მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მოხდა. კიიჩიროც ინოვატორი იყო და ავტომობილების წარმოებით დაინტერესდა. მან გაყიდა ავტომატური სართავი დაზგის პატენტი და 1937 წელს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ჩამოაყალიბა. აი, ეს არის გზა სართავი დაზგების სახელოსნოდან საავტომობილო წარმოების მსოფლიო ლიდერობამდე. „ტოიოტა“ მუდმივად ხვეწს ტექნოლოგიებს, ავითარებს წარმოების ხაზს და აფართოებს საზღვრებს. პირველ რიგში, იაპონელების გამორჩეული თვისება წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობა და გასაოცარი მიზანსწრაფულობაა. „ტოიოტას“ შემთხვევაში კი ამას „კაიზენის“ ფილოსოფიაც ემატება.
- რა არის „კაიზენი“ და როგორ იყენებს ტოიოტა მას ინდუსტრიაში?
- მარტივად რომ ავხსნათ, „კაიზენი“ მუდმივ გაუმჯობესებას ნიშნავს. სწორედ ეს მიდგომაა „ტოიოტას“ ინდუსტრიის კონკურენტული უპირატესობის და მუდმივი ინოვაციურობის მიზეზი. სწორედ კაიზენი დგას საკიჩი ტოიოდას სიტყვების უკან. „ტოიოტა“ კაიზენის მეთოდოლოგიით ახერხებს თავისი ავტომობილების ხარისხის, ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ზომების მუდმივ გაუმჯობესებას. მეტიც, „ტოიოტას“ წარმატების გათვალისწინებით, იაპონურ ბიზნესში მასიურად დაინერგა კაიზენის მეთოდოლოგია, რაც მოგვიანებით, ამერიკაშიც და დასავლეთშიც Lean-მენეჯმენტის სახელით დამკვიდრდა.
- „ტოიოტას“ გარემოსდაცვით გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი CO2-ის ემისიის 90%–ით შემცირებაა. ამ პრობლემის გადაჭრას „ტოიოტა“ 21-ე საუკუნის ავტომობილის შექმნით აპირებს. რას მოიაზრებს იაპონური ავტოგიგანტი 21-ე საუკუნის ავტომობილში?
- „ტოიოტასთვის“ 21-ე საუკუნის ავტომობილები სრული ჰიბრიდები და ელექტრომობილებია. „ტოიოტა მოტორ კორპორაციამ“, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაისახა ეს ურთულესი მიზანი. 21-ე საუკუნის ავტომობილს უნდა ჰქონოდა საწვავის ეკონომიურად მოხმარების ძალიან მაღალი მაჩვენებელი და CO2-ის მაქსიმალურად შემცირებული გამონაბოლქვი, ასევე, დახვეწილი დიზაინი. ასე დაიწყო „ტოიოტამ“ შიდაწვის ძრავისა და ელექტროძრავის ჰიბრიდული სისტემის შექმნაზე მუშაობა და მსოფლიოს ინოვაციური ჰიბრიდული ავტომობილი, ახალი პრიუსის სახით, 1997 წელს წარუდგინა. „ტოიოტამ“ 21-ე საუკუნეში პირველმა შეაბიჯა ჰიბრიდებით. პროცესი გრძელდება. „ტოიოტა“ მუდმივად ანვითარებს თავის ინოვაციურ და თვითდამუხტვად ჰიბრიდულ ავტომობილებს და აქვს მოდელების ფართო ასორტიმენტი. ყველა მათგანი არის მძლავრი, მოქნილი, საიმედო და ეფექტური. ამის გამოა, რომ მსოფლიოში 12 მილიონზე მეტი მართავს ტოიოტას ჰიბრიდს.
გარემოსდაცვითი მიმართულებით შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი „ტოიოტასთვის“ სრულ ელექტრომობილებზე გადასვლაა. „ტოიოტას“ ფილოსოფიიდან გამომდინარე, ეს იქნება მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილი მოცემული მომენტისთვის და დარწმუნებული ვარ, ყველაზე მეტს გაივლის ერთი დატენვით.
- საქართველოს პირობების გათვალისწინებით ელექტორმობილიც ისევე გაამართლებს, როგორც ჰიბრიდი?
- ელექტრომობილს გარკვეული კილომეტრაჟის გავლის რესურსი აქვს. ერთი დატენვით ზოგი 200 კმ-ს გადის, ზოგი - 150-ს, ზოგიც - 50-ს. აი, „ტესლას“ 360 კმ-ის გავლა შეუძლია. ელექტრომობილი, უმეტესწილად, სწორ, ვაკე ადგილებში სამოძრაოდაა გათვლილი. ვფიქრობ, ამ ტიპის ავტომობილები საქართველოსთვის, ჯერჯერობით, ძალიან არაკომფორტულია გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, სადაც არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა ელექტრომობილების სამართავად, დასატენი პუნქტები რამდენიმე ადგილასაა განთავსებული. ამიტომაც, ვფიქრობ, სულ მცირე 10 წელი ელექტრომობილი საქართველოში ფეხს ვერ მოიკიდებს - ვერ გახდება მასიური სატრანსპორტო საშუალება. აი, ჰიბრიდული ავტომობილები კი საქართველოს რელიეფს შესანიშნავად უმკლავდება და როგორც უკვე გითხარით, ფაქტიურად არ აბინძურებს გარემოს, CO2-ს ემისიაც მინიმალურია.
- რამდენად კომფორტული და მძლავრია ტოიოტას ჰიბრიდები?
- ჩვენი ჰიბრიდები ენერგიის ორ წყაროს ითავსებს: ბენზინის ძრავასა და ელექტროძრავას. ორივე ძრავა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მუშაობს, ხდება ენერგიის წყაროს ერთი ძრავიდან მეორეზე ავტომატურად გადართვა. სწორედ ამით არის გამორჩეული ტოიოტას სრული ჰიბრიდული სისტემა. დასაძრავად და 50 კმ/სთ სიჩქარის განსავითარებლად, ტოიოტას ჰიბრიდები ელექტროენერგიას იყენებს. ქალაქში გადაადგილებისას ენერგიის თითქმის ნახევარს ელექტროძრავა დამოუკიდებლად გამოიმუშავებს. ამ დროს საერთოდ არ მოიხმარს საწვავს და არ აქვს მავნე გამონაბოლქვი. ელექტრორეჟიმის წყალობით, უხმაუროდ და კომფორტულად მოძრაობს. მაღალი სიჩქარის განვითარებისას ელექტროძრავა ბენზინის ძრავასთან ერთად იწყებს მუშაობას და იოლად უზრუნველყოფს სიმძლავრის სწრაფ ზრდას.
- რამდენად ხარჯიანია ჰიბრიდის შენახვა?
- არანაირი განსაკუთრებული ხარჯი არ აქვს. ჰიბრიდის შეძენა ოდნავ უფრო ძვირი ჯდება, სამაგიეროდ, მისი შენახვაა გაცილებით იაფი. ექსპლუატაციისას ტოიოტას ჰიბრიდი ზოგავს თანხას ნაკლები საწვავის მოხმარების გამოც და ცვეთადი ავტონაწილების ტექნიკური მომსახურების დაბალი ფასის გამოც. ეს მძღოლებს ძალიან უმცირებს გაუთვალისწინებელ ხარჯებს. ჰიბრიდის აკუმულატორი 10 წლის განმავლობაში არ გამოდის მწყობრიდან, სამუხრუჭე ხუნდების ტექნიკური მომსახურება კი იაფი ჯდება მისი შემცირებული ცვეთის გამო. გარდა ამისა, ტოიოტას ჰიბრიდის ელექტროძრავა და ბატარეები თითქმის არ საჭიროებს ტექნიკურ მომსახურებას. ტოიოტას ჰიბრიდის ბატარეა იტენება იმ ჭარბი ენერგიით, რასაც ძრავა გამოიმუშავებს. ეს გაცილებით სანდო ტექნოლოგიაა, ვიდრე შიდაწვის ძრავები.
- ახლა ზამთარია. როგორ ართმევს თავს ტოიოტას ჰიბრიდულძრავიანი მოდელები ზამთრის პირობებს?
- არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ზამთარს და ზაფხულს. ტოიოტას ახალი თაობის ჰიბრიდები აღჭურვილია სპეციალური სისტემებით და ნებისმიერ სეზონსა თუ ექსტრემალურ პირობებს შესანიშნავად ართმევს თავს. ამიტომ არის, რომ ძალიან იმატა ჰიბრიდებზე მოთხოვნამ. სედანის ტიპის ავტომობილებში ყველაზე პოპულარულია Toyota Camry, ძალიან პოპულარულია RAV4-ის ჰიბრიდები სრული ამძრავი AWD სისტემით, CHR-ი და ა.შ.
- როგორ დაასრულა 2019 წელი „ტოიოტა ცენტრ თბილისმა“? რა იყო გასულ წელს მნიშვნელოვანი, ერთგვარად გამორჩეული სხვა წლებისგან?
- 2019 კარგად დასრულდა, სტაბილური წელი იყო ისევე, როგორც გასული წლები, თუმცა იყო სირთულეც - ლარის დევალვაცია. გასულ წელს „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მეორადი ავტომობილის შეძენა-გაყიდვის მსურველთათვის პროექტი „ტოიოტა პლუსი“ ავამოქმედეთ. ახალი პროექტით ამ სეგმენტის მომხმარებელი გაუთვალისწინებელი რისკებისაგან მთლიანად დაზღვეულია და არც აუქციონებსა და ავტობაზრობებზე კარგავს უამრავ დროს. მომხმარებელს საშუალება აქვს მეორადი ავტომობილი საბაზრო ფასად ჩაგვაბაროს და თუ სურვილი ექნება, შეუძლია ცენტრიდან გაიყვანოს ახალი ან ისევ მეორადი ავტომობილი, ტექნიკურად მთლიანად გამართული და 2-წლიანი საგარანტიო მომსახურებით. მას მხოლოდ ფასთა შორის სხვაობის დაფარვა მოუწევს. პროექტს დიდი გამოხმაურება და დაინტერესება მოჰყვა.
გარდა ამისა, გასულ წელს მომხმარებლისთვის პერმანენტული ფასდაკლების აქციები გვქონდა, როგორც სერვისის, ისე გაყიდვების კუთხით. ჩვენი სეზონური შეთავაზებები ძრავის ზეთისა და ფილტრის შესაცვლელად ტოიოტას 7 ყველაზე პოპულარულ მოდელზე ვრცელდებოდა. ასევე, დაწესებული გვქონდა ფასდაკლებები ავტონაწილებსა და აქსესუარებზე. დაინტერესება საკმაოდ დიდი იყო და ეს მიდგომა 2020-შიც გაგრძელდება.
2019-ში, ასევე, იმატა ჩართულობამ „ტოიოტას სერვისის სპეციალურმა კამპანიებში“, იგივე „რიქოლ კამპანიაში“. რაც მთავარია, მომხმარებელი გააქტიურებულია და აცნობიერებს, რომ მისთვის ხელსაყრელია „რიქოლში“ მონაწილეობა, მითუმეტეს, რომ ნებისმიერი მომსახურება თუ ავტონაწილის შეცვლა ასეთ დროს უფასოა. სპეციალური სერვისის კამპანიები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.
- რა სერვისებს და ზოგადად რა სიახლეს შესთავაზებს 2020 წლის მანძილზე „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ თავის ერთგულ მომხმარებელს?
რა თქმა უნდა, გვექნება სიახლეები და უკვე გვაქვს კიდეც, დავიწყეთ ახალი პროექტი - „ტოიოტა კასკო“. ეს დაზღვევის ახალი და მოქნილი სისტემაა, რომელიც ახალი ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელზე და „ტოიოტა პლუსში“ ჩართულ პირებზე ვრცელდება. „ტოიოტა კასკოს“ პაკეტები ითვალისწინებს ყველა ტიპის სადაზღვევო რისკებს და დაფარვებს, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ პოლისს, ინდივიდუალურად გამოთვლილ პრემიას, უფლებამოსილი მძღოლების შეუზღუდავ რაოდენობას, ასევე, ავტოასისტანსის 24-საათიან უფასო მომსახურებას, რაც გულისხმობს: საბურავის შეცვლას, მცირე ტექნიკური პრობლემების ადგილზე მოგვარებას, ბატარეის დამუხტვას, საწვავის ადგილზე მიწოდებას, ავტომობილის გადაყვანას ევაკუატორით და ფრანშიზის გარეშე დაზღვევასაც. გარდა ამისა, „ტოიოტა კასკოთი“ მოსარგებლე საჩუქრად მიიღებს მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევასაც და მძღოლისა და მგზავრების დაზღვევასაც. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ერთგული მომხმარებელი დაინტერესდება ტოიოტას ამ ხელსაყრელი სიახლით, რადგან „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მას ყოველთვის საუკეთესო და გუმჯობესებულ მომსახურებას სთავაზობენ.