ეროვნული ბანკი ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის" ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელში გაწევრიანდა

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ფარგლებში, ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველთა ქსელს ფინანსური სისტემის „გამწვანებისთვის" (Network for Greening the Financial System, NGFS) შეუერთდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, NGFS ცენტრალური ბანკებისა და ზედამხედველების ნებაყოფლობითი გაერთიანებაა. მის მიზანს გამოცდილების გაცვლა, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, ფინანსურ სექტორში გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების რისკის მართვის განვითარებაში წვლილის შეტანა და მდგრად და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლის მხარდასაჭერად ფინანსების მობილიზება წარმოადგენს. NGFS 2017 წლის დეკემბერში რვა ცენტრალური ბანკისა და ზედამხედველის მიერ შეიქმნა. მას შემდეგ ქსელის წევრთა რაოდენობა ხუთი კონტინენტის მასშტაბით გაიზარდა და ამჟამად მას 55 ძირითადი და 12 დამკვირვებელი წევრი ჰყავს. კონკრეტული ანალიტიკური და ტექნიკური სამუშაოების განხორციელების მიზნით, NGFS-ში სამი სხვადასხვა სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომლებშიც ქსელის წევრ ორგანიზაციებს შეუძლიათ ჩართვა: მიკროპრუდენციული და საზედამხედველო ჯგუფი, მაკროფინანსური ჯგუფი და მწვანე დაფინანსების ხელშეწყობის ჯგუფი.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ NGFS-ში გაწევრიანება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების კუთხით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. მიმდინარე ეტაპზე, ეროვნული ბანკი NGFS-ის მაკროფინანსურ ჯგუფში ჩაერთვება და ასევე, პლენარული წარმომადგენელი ეყოლება. NGFS-ის წევრობა ეროვნულ ბანკს საშუალებას მისცემს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით სხვა ცენტრალური ბანკებისა და ფინანსური სექტორის ზედამხედველების გამოცდილებას გაეცნოს, უშუალოდ ჩაერთოს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშირისო პრაქტიკის ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანოს და ასევე, მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით საწყის ეტაპზე მყოფ ცენტრალურ ბანკებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. ეს ყოველივე კი ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში წარმოდგენილი სამოქმედო გეგმის კიდევ უფრო ეფექტიანად განხორციელებას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.