"ბიუჯეტის დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შევამცირეთ"

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე, გასულ წელს, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. ამის შესახებ მაჭავარიანმა „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2019 წელს, განახლებულ მშპ-სთან მიმართებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვქონდა 2,4%-ის ოდენობით, თუმცა დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შეგვემცირებინა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.