ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გასაღების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მუხრან ქურდაძემ, თამაზ სახურიამ, ოთარ ჩოგოვაძემ და მერაბ გვენეტაძემ დაამზადეს და მეწარმე სუბიექტზე გაასაღეს, ყალბი სასაქონლო ზედნადები, თითქოს, მეწარმეს დიდი ოდენობით დამუშავებული ხის მასალა მიაწოდეს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების სანაცვლოდ, დაკავებულებმა 11 400 ლარი აიღეს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.