ივანე მაჭავარიანი სამ ე.წ. ხვრელს ასახელებს, რის გამოც გასული წლის პირველ ნახევარში სამინისტრო საგადასახადო შემოსავალში 250 მილიონიან დანაკლისს მოელოდა

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი სამ სისუსტეს, ე.წ. ხვრელს ასახელებს, რის გამოც გასული წლის პირველ ნახევარში სამინისტრო საგადასახადო შემოსავალში 250 მილიონიან დანაკლისს მოელოდა.

როგორც მინისტრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, სამინისტროში გასული წლის დასაწყისში ნერვიულობდნენ, რომ საშემოსავლო ნაწილში დანაკლისი იქნებოდა, ამის სამი მიზეზი კი თამბაქო, საწვავი და ტელევიზიებია.

„ჩვენ სამი ძირითადი მიმართულებით დავინახეთ სისუსტე ჩვენს სისტემაში. არ მინდა ხვრელი დავარქვა, მაგრამ შეიძლება ასეც ვუწოდოთ. ეს იყო თამბაქოს მიმართულება, სადაც საკანონმდებლო დონეზე ხარვეზი არსებობდა, რომელიც საშუალებას იძლეოდა, რომ ბიუჯეტში დანაკარგი ყოფილიყო თანხის მობილიზების კუთხით, ასევე ადმინისტრირების პრობლემაც იყო.

მეორე იყო საწვავი, ეს ტრადიციულად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალრისკიანი პოზიციები იყო მაშინაც, საწვავის და სიგარეტის კონტრაბანდა და ეს ტრადიციული ყბადაღებული თაღლითობის სქემები, რომელთა 99% საწავავთან იყო დაკავშირებული. ამ ორივე მიმართულებით ჩვენ პრინციპულად შემოვატრიალეთ ქვეყანა.

მესამე, შედარებით პატარა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი ხვრელი ტელევიზიებია. შარშან ვინც პატიოსნად იხდიდა, იხდიდნენ 7 მილიონს , 1-ელი ოქტომბრიდან რომ მოვთხოვეთ მიმდინარე დავალიანების გადახდა, 5 მილიონის მობილიზება გავაკეთეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც მანამდე ძირითადად კაპიკს არ იხდიდნენ. მიმდინარე წელს იმედი გვაქვს, რომ არანაკლებ 17 მილიონი ლარით მეტი მობილიზებული. ესეც საკმაოდ სერიოზული ხვრელია. არაა ისეთი მასშტაბური, როგორც საწვავი და თამბაქოა, მაგრამ ესეც მოსაწესრიგებელია“, - აღნიშნა მინისტრმა.

მაჭავარიანის თქმით, გასულ წელს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ფაქტობრივად მობილიზებული თანხა 11 მილიარდ 860 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 550 მილიონი ლარით მეტია დაგეგმილ მაჩვენებელზე, აღნიშნული შედეგი კი წლის მეორე ნახევარში სიტუაციის შემოტრიალებას უკავშირდება.