ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ ელექტროენერგიის იმპორტის ნებისმიერ ფასად ჩანაცვლება არ გვაწყობს. როგორც მაჭავარიანმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, ელექტროენერგიის იმპორტის არსებობა არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ გარანტიები უნდა გასცეს.
მაჭავარიანის განცხადებით, ენერგეტიკა არაა ისეთი სფერო, რომ მხოლოდ სახელმწიფო გარანტიებით იმუშავოს და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების დადება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში მოხდება.
„ფაქტია, რომ ჩვენ ელექტროენერგიის იმპორტს ვახორციელებთ, მაგრამ ჩვენ იმპორტის ჩანაცვლება ყველანაირ ფასად არ გვაწყობს. ყველა ის ენერგეტიკული პროექტი, რომელიც შემოტანილია და ითხოვს სახელმწიფო გარანტიას, არ ნიშნავს რომ ჩვენთვის მისაღებია. სავალუტო ფონდთან ერთად საკმაოდ დეტალურად გავდივართ ამ საკითხს. ზედა ზღვარი სახელმწიფოს მიერ რისკის აღების, სავალუტო ფონდთან შეთანხმებით იყო დაწესებული. ახლა მათი რეკომენდაციაა, რომ ეს ზღვარი კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვწიოთ ან პრაქტიკულად უარი ვთქვათ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის კონტრაქტებზე. ის, რომ იმპორტი არსებობს, არ ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო გარანტიებს გავცემთ, ავიღებთ რისკებს, ეს იგივე ვალის აღებაა. ეს არაა სწორი პრაქტიკა, საფრთხილო პრაქტიკაა ყველა სფეროში“, -აცხადებს მინისტრი.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტროში ძალიან საინტერესო რეფორმა მიმდინარეობს ბაზრის ლიბერალიზაციის კუთხით. ენერგეტიკის რეფორმა საკმაოდ კარგად დაიძრა და სურვილია, რომ ენერგეტიკა მაქსიმალურად საბაზრო პრინციპებზე იყოს დამყარებული.
„ჩვენ გვინდა მაქსიმალურად საბაზრო პრინციპებმა იმუშავოს ელექტროენეგიის ბაზარზე. იქ დადგინდება ფასი და შესაბამისად, სადაც მიზანშეწონილი და მომგებიანი იქნება იქ აშენდება სადგურები, სადაც უფრო უპრიანი იქნება, განხორციელდება იმპორტი. ყველა გადაწყვეტილება გამჭვირვალე იქნება“, - აცხადებს მინისტრი.