„საქართველოს ფოსტა“ საერთაშორისო ექსპრეს გზავნილების EMS-ის კოოპერატივის საბჭოს წევრად აირჩიეს

მსოფლიო საფოსტო კავშირის UPU-ს შტაბბინაში, ბერნში, გამართულ EMS კოოპერატივის საბჭოს არჩევნებში, ხმათა უმრავლესობით „საქართველოს ფოსტის“ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუგზარ ბრეგვაძე აირჩიეს.

„საქართველოს ფოსტის" ცნობით, კოოპერატივის საბჭო 9 წევრისგან შედგება, რომლებსაც 2 წლის ვადით ირჩევენ. მათივე ინფორმაციით, EMS კოოპერატივი არის მსოფლიო საფოსტო კავშირში შემავალი ორგანო და აერთიანებს 180-ზე მეტ წევრ ქვეყანას, რომლებიც ერთად მუშაობენ EMS მომსახურების განვითარების და გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, EMS კოოპერატივი ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების თანამშრომლობას, რათა მომხმარებლებს გაუწიონ მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი საფოსტო სერვისი მთელ მსოფლიოში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მსოფლიო საფოსტო კავშირის EMS გაერთიანება 1999 წელს შეიქმნა. ორგანიზაცია მსოფლიოში ყველაზე დიდი საოპერაციო ქსელით არის წარმოდგენილი პრემიუმ კატეგორიის საერთაშორისო საფოსტო მომსახურების მიმართულებით. „საქართველოს ფოსტა“ 2001 წლიდან არის EMS გაერთიანების წევრი.