ბანკები კერძო იპოთეკარების წინააღმდეგ

”მევახშეები საქმიანობას ამ ფორმით ვერ განაგრძობენ და დიდი ალბათობით შეწყვეტენ ან შავ ბაზარზე გადავლენ”

ბანკები საკრედიტო შემოსავლების გაზრდას კერძო იპოთეკარებისთვის უნაღდო ანგარიშსწორების შემოღებით ცდილობენ. ახალი ინიციატივა ბანკების ასოციაციას ეკუთვნის და მევაშხეებსა და მსესხებლებს შორის ნაღდი ანგარიშსწორების აკრძალვას გულისხმობს.

სადავო არ არის, რომ ქვეყანაში კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემაა, თუმცა ამ ფორმით მისი მოგვარება საბანკო სფეროს სპეციალისტებისთვის მიუღებელია. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მოსახლეობა ასეთი გამოწვევისთვის მზად არ არის.

ბანკების ასოციაცია აპირებს, რომ უახლოეს მომავალში იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო წინადადებით მიმართოს, რის შემდეგაც სამინისტრო ამ საკითხის ინიცირებას საკანონმდებლო ორგანოში მოახდენს.

ასოციაციის ხელმძღვანელის, ზურაბ გვასალიას განმარტებით, კანონში ცვლილების შეტანის შემდეგ, ნოტარიუსი ვეღარ დაარეგისტრირებს ხელშეკრულებას, თუ მსესხებელს და გამსესხებელს საბანკო ანგარიში არ ექნება. გარდა ამისა, სასამართლოს არ ექნება უფლება, მიიღოს დავა, რომელშიც ორ სუბიექტს შორის ურთიერთობა საბანკო ანგარიშების მეშვეობით არ ექნება.

როგორც გვასალია აცხადებს, დღეს მდგომარეობა ამ სფეროში სრულიად უკონტროლოა. ”როდესაც მსესხებელს უნდა გამსესხებლისთვის თანხის მთლიანად დაბრუნება, მას გამსესხებელი ემალება იმიტომ, რომ ვადები გადააცილოს და შემდეგ ჯარიმები დაუწესოს. ამ რეგულაციის დაწესების შემდეგ კი არც შეეკითხება, ისე ჩაურიცხავს პირდაპირ ანგარიშზე”, - აცხადებს გვასალია.

ეს რეგულაცია შემოსავლების სამსახურს მისცემს საშუალებას, მოახდინოს მონიტორინგი იმისა, გამსესხებელმა თუ რა შემოსავალი მიიღო, რათა მან ფული ბიუჯეტში გადაიხადოს.

საბანკო სფეროს ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, კერძო იპოთეკარებისთვის ნაღდი ანგარიშსწორების შემოღება ყველაზე მეტად ბანკებს აწუხებს. პირველ რიგში, საბანკო სექტორია დაინტერესებული, რომ მოსახლეობიდან მაქსიმალურად მიიზიდოს თანხა და ამით საკრედიტო შემოსავალი გაზარდოს.

”ბანკების ასოციაციის ინიციატივა მხოლოდ ბანკებისთვისაა მომგებიანი. უნაღდო ანგარიშსწორება მომსახურების მხოლოდ ერთ სფეროში მიუღებელია, ამისთვის საზოგადოება მზად არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნახევარზომა, რომელსაც შედეგი მხოლოდ ბანკებისთვის ექნება. მოსახლეობა მოუმზადებელია იმისთვის, რომ ნაღდი ფულის მასა ბრუნვიდან ამოვიდეს. ამდენად, ამ სახით საკანონმდებლო შეზღუდვა მიანიშნებს ვიწრო ინტერესების რეალიზებაზე, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის მიუღებელი ნაბიჯია”,- აცხადებს ელიავა.

ექსპერრტი ფიქრობს, რომ კერძო იპოთეკარების უმრავლესობას, ახალი კანონმდებლობის დამტკიცების შემთხვევაში, საქმიანობის გაგრძელება გაუჭირდება.

”მევახშეები საქმიანობას ვერ განაგრძობენ და დიდი ალბათობით შეწყვეტენ ან შავ ბაზარზე გადავლენ. ისინი ყოველთვის მოძებნიან რაღაც ფორმას, რომ მსესხებლებთან ურთიერთობა ნაღდი ანგარიშსწორებით შეძლონ. არსი იგივე დარჩება. არც ეკონომიკურად და არც სოციალურად არ არის გამართლებული გადაწყვეტილება. კარგი იქნებოდა, სხვა სფეროებშიც ასეთი სიტუაცია გვქონდეს. შეზღუდვა მხოლოდ კერძო იპოთეკარებზე არ უნდა დაუშვან, მათაც დააზარალებს და არც მოსახლეობისთვის იქნება მომგებიანი”, - აცხადებს ლია ელიავა.

ერთი შეხედვით, საკანონმდებლო ცვლილებები მოვალის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს, ვინაიდან არსებული კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მოვალის დაცვის სამართლებრივ მექანიზმს კრედიტორის მხრიდან მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შემთხვევაში.

”რეზონანსი” შეეცადა, კერძო იპოთეკარების პოზიციაც გაეგო. მათი უმეტესობა კომენტარისგან თავს იკავებს, თუმცა რამდენიმემ მაინც სცადა, უკმაყოფილება გამოეთქვა. ისინი ფიქრობენ, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, პრობლემები შეექმნებათ.

”ხალხი მოგვმართავს იმიტომ, რომ სესხს დაბალი საპროცენტო განაკვეთით გავცემთ. 1,5-2%-ზე ვმუშაობთ, როდესაც ბანკები მომხმარებლებიდან ათჯერ მეტს ითხოვენ, კონკურენტებად მივაჩნივართ და ყველა საშუალებას მიმართავენ, რომ ჩვენი საქმიანობა შეზღუდონ. ფულს ძალით არავის ვართმევთ. ყველა ადამიანი მოდის იმისთვის, რომ იაფი სესხი აიღოს, რის შესაძლებლობაც ბანკებში არ არის. სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს თანხის გადახდას. ეს პრობლემა ყველგან არსებობს, ამაში დანაშაული არ მიგვიძღვის. ახალი რეგულაციების შემდეგ, საქმე შრომატევადი და ხარჯიანი გახდება. მსესხებლებიც დაზარალდებიან, მაგრამ ბანკებსაც ხომ ეს უნდათ - მეტ მომხმარებელს მიიზიდავენ, ჩვენს კეთილდღეობაზე არავინ ფიქრობს”, - ამბობს ლია გაბედავა, კერძო იპოთეკარი.

”ნაღდი ანგარიშსწორება გამარტივებული ფორმაა, რაც ჩვენთვისაც ხელსაყრელია და მსესხებლისთვისაც. რა გამოდის, კლიენტმა ცალკე ანგარიშის გახსნაშიც ფული უნდა გადაიხადოს. რაღა ჩვენ მოგვადგნენ, უამრავი პრობლემაა ქვეყანაში. იმით მაინც დაინტერესდნენ, რატომ იღებს ეს ხალხი სესხს და მათი მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნონ. მოსახლეობის ნახევარი მათხოვრად იქცა და ამაზე ფიქრით თავს არავინ იტკივებს. რა თქმა უნდა, არ მაწყობს ნაღდი ანგარიშსწორების აკრძალვა, ამით შემოსავალი შემიმცირდება, მომხმარებელზეც ცუდად იმოქმედებს. საბოლოოდ რას მოვიმოქმედებთ არ ვიცი, მაგრამ ჩვენი უფლებების დაცვას ყველა საშუალებით შევეცდებით”, - ამბობს კერძო იპოთეკარი ანზორ ჩიხლაძე.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”