სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 94 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა.
მათგან 21.3 პროცენტი - ქვემო ქართლში, 16.0 პროცენტი - კახეთში, 12.8 პროცენტი - შიდა ქართლში, 11.7 პროცენტი - იმერეთში, 10.6 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 27.7 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2019 წლის მე-4 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 106.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 40 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 60 პროცენტი-წვრილფეხა.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 560.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2019 წლის მე-4 კვარტლის განმავლობაში 9 669.4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული, საიდანაც 43.4 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე მოდის, 34.1 პროცენტი - ფრინველის, 19.1 პროცენტი - ღორის, 3.2 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.
ამასთან მომსახურება გაეწია 11.1 ათას პირს, საიდანაც 41.4 პროცენტი შინამეურნეობების სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 860 კაცი შეადგინა.
„საქსტატის“ ცნობით, ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.8 ლარი, ცხვრის ან თხის - 10.8 ლარი, ხოლო ღორის - 22.8 ლარი. მაშინ როდესაც 2019 წლის მე-3 კვარტალში, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 24.9 ლარი, ცხვრის ან თხის - 10.7 ლარი, ხოლო ღორის - 22.8 ლარი იყო.