სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 7.1%-ით გაიზარდა

2020 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 7.1 პროცენტით გაიზარდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ფასების 0.5 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე და მისი წვლილი ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში -0.43 პროცენტული პუნქტით აისახა.

ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან მნიშვნელოვანია ფასების კლება ძირითად ქიმიკატებსა და ქიმიური პროდუქტებზე (9.8 პროცენტი), ასევე ძირითად ლითონებზე (2.2 პროცენტი).

ელექტროენერგიის, აირი, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე ფასები შემცირდა 2.9 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე -0.29 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა.

12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:

დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 6.01 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა კვების პროდუქტებზე (11.4 პროცენტი);

სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: დაფიქსირდა ფასების 20.8 პროცენტიანი ზრდა, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 1.30 პროცენტული პუნქტით განისაზღვრა.

ლიკა ამირაშვილი