ტექნიკური ინსპექტირება ჩავარდნის საფრთხის წინაშე დგას, - ამის შესახებ „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე“ დავით მესხიშვილმა „პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის შედეგების” პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „გრინვეი - საქართველო“ სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით.
„ჩვენი შესწავლის შედეგად მდგომარეობა არის არასახარბიელო. უფრო რეალურად თუ შევაფასებთ, მძიმეა. ტექნიკური ინსპექტირება დგას ჩავარდნის საფრთხის წინაშე იმ მარტივი მიზეზების გამო, რომ ერთი მხრივ ამ ბიზნესში არის უთანასწორობა, მეორე მხრივ ამ დარღვევებს ხედავს ყველა, მაგრამ რეაგირება არ ახლავს. საბოლოოდ ზარალდება და ზიანდება ავტომფლობელი. ის იღებს არასწორ სერვისს და თუ არ მოხდა ცვლილებები და ეკონომიკის სამინისტრომ არ მოახდინა რეაგირება, ფიქტიურ პროცესად გადაიქცევა. პირველ რიგში, გამოვყოფდი იმას, რომ კომპანია „გრინვეი - საქართველო” სარგებლობს პრივილეგიით სხვა მოქმედ კომპანიებთან შედარებით და ქმედებები წახალისებულია ეკონომიკის სამინისტროს მიერ.
სახელმწიფო სტრუქტურები უარს ეუბნებიან ყველა სხვა კომპანიას კონკრეტულ მომსახურებაზე, ხოლო „გრინვეის” აძლევენ თანხმობას. ეს არის ზუსტად შერჩევითი დამოკიდებულება, რაც აზიანებს სფეროს და საფრთხის ქვეშ აყენებს პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას, როგორც სამართლიან პროცესს, რომელმაც ჩვენ უნდა მიგვცეს ქვეყანაში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობა და გაუმჯობესებული საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი. ასევე, „გრინვეი“ არ ასრულებს ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაპირებას გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის შესახებ. „გრინვეიმ” პრაქტიკულად უარი თქვა მთიანი მოსახლეობის მომსახურებაზე და დატოვა მომსახურების გარეშე 165 ათასზე მეტი მოსახლე, ეს არის ყაზბეგი, ადიგენი, შუახევი, ქედა და ა.შ“, - განაცხადა მესხიშვილმა.
მისივე თქმით, ტექნიკური ისპექტირების სფეროში მხოლოდ ერთი კომპანიის მონოპოლიზაცია უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება როგორც რეფორმისთვის, ასევე ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულებისთვისაც.
„ამ ბაზირის მონოპოლიზაციას არასამთავრობო ირგანიზაციები და მათ შორის ჩემი, არ დავუშვებთ“, - აღნიშნა მესხიშვილმა.