"ნაციონალური მოძრაობა": კანცელარიის და შსს-ს შენობის გარე განათებისთვის მილიონამდე ლარის გამოყოფა იგეგმება

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს და მის გუნდს მოუწოდებს, მოეშვან "მხოლოდ მათი და მათი გუნდის კომფორტზე და კეთილდღეობაზე ზრუნვას" და დაიწყონ მათი დაპირებების შესრულებასა და ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა.

ამის შესახებ ნათქვამია საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რამდენიმე დღის წინ დავით ნარმანიას მიერ წარმოდგენილი და საკრებულოში "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი ბიუჯეტი დედაქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტად იქცა.

"12 მილიონი ლარით სეკვესტრირებული და 30 მილიონი ლარით სესხით დატვირთული ბიუჯეტი, რომლის შედეგად არაერთი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი (ავარიული კორპუსების გამაგრება, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ადამიანების დახმარება, მედიათეკების, საბავშვო ბაგა–ბაღების, მრავალსართულიანი ავტოპარკინგის მშენებლობა და სხვა) გაჩერდა, არ იქნა მხარდაჭერილი ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მიერ. მიუხედავად ბევრი შენიშვნისა ჩვენმა ფრაქციამ საკრებულოს, შესაბამისი ფინანსური დასაბუთებით და წყაროების მითითებით, ორი კონკრეტული ინიციატივით მიმართა: გაეზარდათ სოციალურად დაუცველებისთვის კომუნალური ვაუჩერების დაფინანსება (ისე როგორც ამას წინასაარჩევნოდ ბატონი დავით ნარმანია პირდებოდა ამომრჩევლებს) და პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის და სტუდენტებისთვის მუნიციპალური ტრანსპორტი გამხდარიყო უფასო. თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ამ ინიციატივების მხარდაჭერის ნაცვლად არჩია გაეზარდა კონცერტებისა და ქალაქგაფორმებითი ღონისძიებების დაფინანსება, მათ შორის 1 200 000 ლარი იქნა გამოყოფილი კანცელარიის ტერიტორიის კეთილმოწყობის მხოლოდ პროექტირებისთვის და პრემიერ- მინისტრისთვის და ცენტრალური მთავრობის წევრების კომფორტის შექმნისათვის.

ეს ყველაფერი არ იკმარეს და გუშინ მერიამ საკრებულოში წარმოადგინა პროექტები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დამატებით მილიონამდე ლარის გამოყოფა იგივე კანცელარიის (წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა - 450 000 ლარი) და გულუას ქ.10–ში მდებარე შს სამინისტროს შენობის (წარმოდგენილი სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა - 460 000 ლარი) გარე განათება–მინათებისათვის.

კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ მხოლოდ აღნიშნული თანხები სრულიად საკმარისი იქნებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ–ერთი ინიციატივის დასაფინანსებლად, რომელიც ვფიქრობთ, ბევრად სასარგებლო იქნებოდა ჩვენი საზოგადოებისთვის.

ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ქალაქის მერს და მის გუნდს, მოეშვან მხოლოდ მათი და მათი გუნდის კომფორტზე და კეთილდღეობაზე ზრუნვას და დაიწყონ მათი დაპირებების შესრულებასა და ქალაქის პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა", - ნათქვამია ფრაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" განცხადებაში.