კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მაროკოს დედაქალაქ რაბათში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „უკეთესი ეკონომიკური მმართველობის ხელშეწყობა და კორუფციის აღმოფხვრის მცდელობები შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში" მიიღო მონაწილეობა.

სებ-ის ცნობით, შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ჯიჰად აზური უძღვებოდა, მან მრგვალი მაგიდის მონაწილეებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული სტატია -"კორუფციის აღმოფხვრა უკეთესი ეკონომიკური მმართველობის მეშვეობით შუა აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში" წარუდგინა.

კობა გვენეტაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დოკუმენტის მთავარ აქცენტებზე და ვრცლად ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველომ 20 წლის განმავლობაში ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებისა და კორუფციის შემცირების მიმართულებით გაატარა.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული დოკუმენტი უზრუნველყოფს რეგიონის მთავარ გამოწვევათა შთამბეჭდავ ჩამონათვალს და პრობლემებთან გამკლავებისა და მათი გადაჭრის რეკომენდაციებს, რომლებიც პროდუქტიული აღმოჩნდა, როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში.

მსურს გამოვყო რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი: კორუფციის დაბალი დონე ნიშნავს მცირე ზომის ჩრდილოვან ეკონომიკას და ზრდის ინვესტორთა დაინტერესებას ქვეყნისადმი; ის ასევე გულისხმობს მეტ ანგარიშვალდებულებას საზოგადოების წინაშე. ეს კი, თავის მხრივ, წარმატებული პოლიტიკის გატარების სტიმულს იძლევა, მათ შორის, ცენტრალურ ბანკებში.

სწორი პოლიტიკის გატარება არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი წყარო, რასაც ემპირიული მონაცემებიც ცხადყოფს. საქართველოს შემთხვევაში, ამის დანახვა შესაძლებელია სხვადასხვა ინდიკატორების მეშვეობითაც, რომლებიც ზუსტად ასახავს საინვესტიციო კლიმატს ქვეყანაში. მაგალითად, "Doing Business Indicator" - ბიზნესის კეთების მაჩვენებლის მიხედვით, საქართველომ 2006 წელს 112-ე ადგილიდან 2019 წელს მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. "კორუფციის აღქმის ინდექსის" კვლევის თანახმად, საქართველო დღეს 44-ე პოზიციაზე იმყოფება მაშინ, როდესაც 2004 წელს ის 133-ე ადგილზე იყო. ფისკალური გამჭვირვალობის პოლიტიკის შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა საქართველოს ბიუჯეტის ღიაობის ინდექსიც, რის შედეგადაც საქართველო ამჟამად შეფასებულ 115 ქვეყანას შორის მე-5 ადგილზეა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

საქართველოში გატარებული რეფორმების შედეგად საქართველომ, რომელიც ევროპული ოჯახის შემადგენელ ნაწილად თვლის თავს, 2014 წელს ევროკავშირთან ხელი მოაწერა ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. 2017 წლიდან კი საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ვრცლად ისაუბრა საქართველოს ცენტრალურ ბანკში გატარებულ იმ რეფორმებზე, რომლებიც აუცილებელია გრძელვადიანი მდგრადობისთვის.

„გამჭვირვალობასთან ერთად, მიუკერძოებელი ზედამხედველობა და საფინანსო სექტორის კონტროლი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა მხარეებს შორის ურთიერთკავშირი შეიძლება მორალური რისკის წყარო გახდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენი რეგულაციები სრულ შესაბამისობაშია ბაზელ III-ის პრინციპებთან. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩო უზრუნველყოფს კომერციული ბანკის პირდაპირი ან არაპირდაპირი აქციონერების, საბოლოო ბენეფიციარი მფლობელებისა და მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირების შესაფერისობას.

ჩვენ, ასევე, არ გვაქვს არც ერთი ბანკი, რომელიც სახელმწიფოს მფლობელობაშია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კორუფციის თავიდან არიდებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ფინანსურ შუამავლობას ეხება. ბანკები, რომლებიც ფულის განაწილების ძირითადი წყარო არიან, დაცულები უნდა იყვნენ როგორც ინტერესთა კონფლიქტის, ისე მორალური რისკისგან, რაც, როგორც საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რთულია სახელმწიფოს ჩარევის შემთხვევაში", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად მთავარი მომხსენებლები იყვნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა, მაროკოს ფინანსთა მინისტრი მუჰამედ ბენჩბენი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - "რაშიდ"-ის თანადამაარსებელი და თავმჯდომარე, საქსან გარაიბეჰი.

შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს თავიანთი ხედვა იმ ეკონომიკური და სოციალური საკითხების შესახებ, რომლებმაც უნდა შეამცირონ კორუფციის მაჩვენებელი რეგიონში, ასევე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლზე - დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს მათი მიზნების მიღწევასა და ეკონომიკური მმართველობის გაუმჯობესებაში.