პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის შესაძლო გასხვისების საკითხს ხელისუფლების არაკომპეტენტურობას უკავშირებს. როგორც მან „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პოლიტიკური გაერთიანება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, აღნიშნულ შენობაში საერთაშორისო საფონდო ბირჟის განთავსებას გეგმავს.
„მინდა გითხრათ, რომ ეს კიდევ ერთი არაკომპეტენტურობა და საერთოდ საქმის არცოდნაა. მსგავს შენობებს ვერ გაასხვისებენ, გამორიცხულია, რომ ასეთი ტიპის სპეფიციური შენობა კერძო ინვესტორზე გაასხვისონ. ჩვენი პროგრამა ძალიან კონკრეტულია. ჩვენ ამ შენობაში ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განვათავსებთ საერთაშორისო საფონდო ბირჟას, რომელიც ქუთაისში ძალიან სერიოზულ ფინანსურ ცენტრს და ბევრ, მაღალკვალიფიციურ სამუშაო ადგილს შექმნის ან ცენტრისა და საფონდო ბირჟის გარშემო. ეს სერიოზულად გაწერილი გეგმაა და უახლოეს ხანში, ჩვენ ამასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ პრეზენტაციას გავაკეთებთ. საერთოდ, დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ მთელ იმ პროცესს, რომელიც ეკონომიკის მიმართულებით ხორციელდება. რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს, ეს არის არაკომპეტენტურობის და უცოდინარობის პიკი. მარტივად რომ ავიღოთ, მათ ვერ გაასხვისეს რიყეზე მდებარე ორი შენობა და ამდენი ხნის განმავლობაში პრაქტიკულად ბაყაყების საცხოვრებელ ადგილად გადაიქცა. როცა გასხვისების უნარი არ გაქვს, მაშინ უნდა გააკეთო ისეთი რამ, რაც მოსახლეობას გამოადგება. 8 წელია იქაურობა ლპება. სჯობდა, რომ ან საბავშვო მუზეუმი გაეხსნათ ან რაიმე სხვა მუზეუმი. ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი ტურისტები და მოსახლეობაც ისარგებლებდა. პრაქტიკულად, ასეთი ბევრი ქონება უპატრონოდ არის მიტოვებული და ეს არის ფიქცია. საქართველოში ინვესტიცია არის დაცემული, ამ მთავრობას საერთაშორისო და ქართველი ინვესტორები არ ენდობიან, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. შესაბამისად, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ ისინი შენობას გაასხვისებენ", -განაცხადა ხაზარაძემ.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა სავარაუდოდ, გაიყიდება. როგორც სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფუნქციოდ მყოფი შენობის პრივატიზებას გეგმავს.