2019 წლიდან დღემდე, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 216 ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა

2019 წლიდან დღემდე, სამედიცინო რეგულირების სააგენტომ 216 სერტიფიცირებული ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა.

უწყების მიერ AMBEBI.GE-სთვის გამოგზავნილი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით სააგენტომ პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხთან დაკავშირებული 287 კორესპონდენცია განიხილა, საიდანაც 239 საქმე შეისწავლა.

„ამასთან, გაცნობებთ, რომ „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის თანახმად, „დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის პროფესიული პასუხისმგებლობა არის პაციენტის გამოკვლევასთან, მოვლასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული სამედიცინო სტანდარტებისა და ეთიკური ნორმების დარღვევისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“. ამავე კანონის 74-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები“, - ნათქვამია სამედიცინო რეგულირების სააგენტოს წერილში.