ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ლარი დოლართან მიმართებით, თითქმის 5 პუნქტით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით 1 დოლარი 2,8265 დოლარი ღირს. ეს მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 14 თებერვალს, ერთი დოლარი 2,8741 ლარი ღირდა.
ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ეროვნული ვალუტის გამყარების რამდენიმე ფაქტორს ასახელებს. აღნიშულ მიზეზებს შორისაა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება, იმპორტის შემცირება, ექსპორტის გაზრდა და აშ.
„ამის მიზეზი იყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, რომელიც შენარჩუნებულია. მეორე მიზეზია იმპორტის შემცირება და ექსპორტის გაზრდა, რამაც სავაჭრო ბალანსზე პოზიტიური გავლენა მოახდინა.
ამას ემატება ის ფაქტორი, რომ იანვარ-თებერვალში სავაჭრო ბრუნვა და ზოგადად, ეკონომიკა დიდად აქტიური არ არის და ნაკლები რყევა გვაქვს ინვესტიციებში, დანაზოგებში და ზოგადად მოხმარებაში. შესაბამისად, სავალუტო ჯიურებზეც აქტივობა ნაკლებია. სწორედ ამ ფაქტორთა ერთობლიობამ, ნელ-ნელა ლარი გაამყარა“,-ამბობს აკაკი ცომაია.
თუმცა, როგორც ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, ჯერჯერობით, იმის ალბათობა, რომ ლარი ისევ გაუფასურდება, საკმაოდ მაღალია.
„სამწუხაროდ, ეს ვითარება შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან გაიზრდება როგორც ეკონომიკური აქტივობა, ისე იმპორტი და ექსპორტი. ამას დაემატება, თუ რას იზამს ეროვნული ბანკი, ასევე, როგორ მოხდება სამთავრობო ხარჯების გადანაწილება ეკონომიკაში, როგორი იქნება ინვესტიციების ნაკადები და ა.შ. როგორც იცით, უცხოური ვალუტის შემოსვლა და გასვლა, მასზე მოთხოვნა-მიწოდებით განისაზღვრება. ანუ, თუ სტატისტიკა ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებელს გვეუბნება, ეს არის ბოლო ერთი წლის მონაცემი და კონკრეტულად ამ წუთას რა ხდება, რამდენი დოლარი გადაირიცხა და რამდენი შემოვიდა, ჯერ ვერ აღვრიცხავთ. შესაბამისად, იმ მომენტში, როდესაც ხდება მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და ლარის კონვერტაცია დოლარში, მაშინ ახდენს გავლენას ეროვნულ ვალუტაზე. ამიტომ, შუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ალბათობა ისევ მაღალია, რომ ლარი გაუფასურდება.“,-ამბობს აკაკი ცომაია.