„როლს-როისი“ ბრიტანეთში 15 ბირთვული მინი რეაქტორის აგებას და ოპერირებას გეგმავს. მათგან პირველი ქსელში ცხრა წლის შემდეგ ჩაერთვება. კომპანიის ტექნოლოგიების შტოს შეფმა პოლ შტაინმა, „ბიბისისთან“ საუბრისას განაცხადა, რომ კომპანია მოდულური ბირთვული რეაქტორების ქარხნულ წარმოებას გეგმავს. ასეთი რეაქტორები დაშლილი სახით, დანიშნულების ადგილზე გადაიგზავნება და ადგილზევე აიწყობა.
მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში უარს ამბობენ ბირთვულ ენერგიაზე, მთელს მსოფლიოში ასეთი რეაქტორების მშენებლობის ბუმია. ამჟამად მთელს მსოფლიოში 448 სამოქალაქო დანიშნულების რეაქტორი მუშაობს და კიდევ 53 მშენებლობის პროცესშია. ამასთან, მშენებარე რეაქტორები აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაშია განლაგებული. მარტო ჩინეთში იმაზე მეტი ახალი რეაქტორი შენდება, ვიდრე დასავლურ სამყაროში, ერთად აღებული.
ამის მიზეზი ნაწილობრივ ის გარემოებაა, რომ ევროპასა და ამერიკაში ახალი ბირთვული რეაქტორების მშენებლობას, ეკოლოგების მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობა ხვდება. გარდა ამისა, ასეთი რეაქტორების აგება და ექსპლუატაცია ძალიან ძვირი ჯდება. გაცილებით იაფ ენერგიას იძლევა ბუნებრივ გაზზე მომუშავე სადგურები.
მაგრამ ამ სიტუაციის შეცვლა შეუძლია ახალი ტიპის მცირე რეაქტორების შემუშავებას, რომლებსაც მასობრივად გამოუშვებენ ქარხნებში. მათი აგება სწრაფად და იაფად მოხდება და ექსპლუატაციის მხრივაც, უფრო იაფი დაჯდება. ამგვარ განვითარებასაც აქვს მინუსები. მაგრამ „როლს-როისი“ თვლის, რომ მისი ხელმძღვანელობით შექმნილი კონსორციუმი, ბრიტანეთში ბირთვულ ინდუსტრიას ახალ სტარტს მისცემს.
15 მცირე მოდულური რეაქტორი, ბრიტანეთის ეკონომიკას ჯამში 52 მილიარდი სტერლინგი (დაახლოებით 68 მილიარდი დოლარი) დაუჯდება. 250 მილიარდი სტერლინგის რეაქტორები კი საზღვარგარეთ გაიყიდება. სულ 2050 წლამდე ქვეყანაში 40 000 ახალი სამუშაო ადგილი, მარტო ბრითვული ენერგეტიკის სფეროში შეიქმნება.
პროექტის შესაბამისად, ყოველი მინი რეაქტორის მუშაობის ხანგრძლივობა 60 წელი იქნება. თითოეული მათგანის სიმძლავრე 440 მეგავატს მიაღწევს, რაც ისეთ ქალაქებს, როგორიც მაგალითად ლიდსია (ბრიტანეთი, თითქმის 800 ათასი მოსახლით), სრულად დააკმაყოფილებს. ასეთ სადგურებში გამომუშავებული ყოველი მეგავატსაათი ელექტრო ენერგიის ღირებულება 60 სტერლინგს მიაღწევს.