იტალიის კიდევ ერთი ქალაქი ახალმოსახლეებს ელოდება - რა შეღავათებს დაუწესებს ხელისუფლება მობინადრეებს

მოსახლეობისგან სრულიად დაცლისა და გაქრობის შესაჩერებლად იტალიის კიდევ ერთმა ქალაქმა გადაწყვიტა დასახლების მსურველებისთვის განსაკუთრებული პირობები შეეთავაზებინა. ქალაქი ტეორა ახალმოსახლეებს 2 წლის განმავლობაში ბინის ქირასა და გადასახადებს სრულიად დაუფარავს - წერს CNN.

აღნიშნული იდეა ქალაქის მერს სტეფანო ფარინას ეკუთვნის. მისი თქმით, ტეორასთვის საბედისწერო შემთხვევა 1980 წლის დამანგრეველი მიწისძვრა აღმოჩნდა, რამაც ქალაქის ძირითადი ნაწილი გაანადგურა.

მართალია ამ შემთხვევის შემდეგ ქალაქი აღადგინეს, თუმცა მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აქ დარჩენა აღარ მოისურვა. ამჟამად ტეორას მოსახლეობა 1 500 ადამიანს შეადგენს.

„ტეორაში წელიწადში საშუალოდ 2 ადამიანი იბადება, 20 კი იღუპება. ახალგაზრდობას აქ ცხოვრების სურვილი აღარ აქვს“-აცხადებს ფარინა.

შეუქცევადი პროცესის შესაჩერებლად მერმა გადაწყვიტა ახალმოსახლეები წაახალისოს. ტეორაში საცხოვრებლად გადასასვლელად აუცილებელია წყვილს მინიმუმ 1 შვილი ჰყავდეს, რის შემდეგაც მათ საცხოვრებლად ვარგის სახლს გადასცემენ.

ქალაქი ბინის ქირასა და გადასახადებს სრულიად დაფარავს. ამასთანავე, ბავშვები სკოლაში სწავლისას ლანჩზე საკვების მიღებას უფასოდ შეძლებენ.

2 წლის გასვლის შემდეგ კი, წყვილს უფლება ექნება მათი საცხოვრებელი სახლი 5 000 ევროდ შეიძინოს.

ქალაქის მერის თქმით, ამჟამად ტეორაში 100-ზე მეტი სახლია, რომელიც ახალმოსახლეებს ელოდება. ის იმედს გამოთქვამს, რომ მსურველები მალე გამოჩნდებიან და ქალაქი ცხოვრებას ახალი ფურცლიდან დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ ტეორას მერის ინიციატივა პირველი არ არის. ცოტა ხნის წინ სიცილიის ქალაქ სამბუკაში მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრად შემცირების გამო, ქალაქის საბჭომ მიტოვებული სახლები აუქციონზე გაიტანა, რომელთა საწყისი ფასიც ერთი ევროა.

ქალაქ კამარატაში კი დასახლებას 3 წლის განმავლობაში სთავაზობენ, 5 000 ევროს სახით დეპოზიტის სანაცვლოდ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მათ თანხა უკან უბრუნდებათ. ამასთანავე, ის ახალგაზრდა წყვილები, რომლებიც ქალაქში შვილებთან ერთად დასახლდებიან თითოეულ ბავშვზე 1 000 ევროს მიღებენ ბონუსის სახით.

ბექა ბერიაშვილი