დრონების მეშვეობით Google ინტერნეტის მიწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს.
CNN-ის ინფორმაციით, უკვე წლებია, რაც Google და Facebook მუშაობენ გეგმაზე, რომლის მეშვეობითაც ისინი ინტერნეტს მთელს მსოფლიოს მიაწვდიან. მათ სურთ ინტერნეტთან წვდომა ნებისმიერ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჰქონდეს.
მსხვილმა კომპანიებმა გადაწყიტეს ამისათვის სტარტაპ Spooky Action-ის შემქმნელის რაჰულ ტივარის იდეა განახორციელონ, რომლის მიხედვითაც ინტერნეტის მიწოდება დრონების მეშვეობითაცაა შესაძლებელი.
22 წლის ტივარიმ, რომელიც ინდიანას უნივერსიტეტის სტუდენტია, შექმნა სპეციალური დრონი, რომელიც ჩვეულებრივ დრონზე უფრო დიდი და ძლიერია. დრონზე შესაძლებელი იქნება რამდენიმე 4G როუტერის დამაგრება, რომლებიც მოსახლეობას ინტერნეტს მიაწვდიან.
აღსანიშნავია, რომ ასეთ დრონებს ჰაერში უწყვეტად გაჩერება 1 თვის განმავლობაში შეეძლებათ. ამასთანავე, ისინი ინტერნეტის მიწოდებას ასობით ადამიანისთვის 40-50 კილომეტრის მანძილზე შეძლებენ.
სტატიის მიხედვით ერთი ასეთი დრონის შექმნა დაახლოებით 40 000 აშშ დოლარი დაჯდება, თუმცა გაცილებით იაფი ეღირება, ვიდრე ინტერნეტმიწოდების ტრადიციული გზა.
Google-სა და Facebook-ს იმედი აქვთ, რომ ამ იდეის წყალობით ინტერნეტის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიწოდებას სულ მალე შეძლებენ და ერთიან ქსელს შექმნიან.
დღესდღეობით მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტთან წვდომა 4 მილიარდამდე ადამიანს არ აქვს.