Fort Lauderdale-ის საერთაშორისო სანაოსნო შოუზე, რომელიც წელს მესამოცედ ჩატარდა, მთლიანად უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული იახტა წარადგინეს, რომელიც 12 მილიონი აშშ დოლარი ღირს.
იახტის შექმნის იდეის ავტორი, ბრუნო ედვარდსი აცხადებს, რომ იახტამ უკვე გამოიწვია რამდენიმე მილიარდერის ინტერესი და იახტის შეძენის სურვილი გამოთქვეს. ედვარდსის თქმით, მოთხოვნიდან გამომდინარე მსგავს იახტებს ისინი მომავალშიც შექმნიან.
იახტის სიგრძე 25 მეტრია, ხოლო მისი საერთო ფართობი 836 კვადრატულ მეტრს შეადგენს. მასზე ერთდროულად 149 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა იახტაზე მუდმივად ყოფნა 10-მდე ადამიანს შეეძლება.
იახტაზე სულ 5 საძინებელი, 5 აბაზანა და ჯაკუზია მოწყობილი.
ამასთანავე, იახტას 5 მეტრის სიმაღლის „ფეხები“ აქვს, რომელთა მეშვეობითაც მას სანაპიროსთან ხანგრძლივი პერიოდით გაჩერება უპრობლემოდ შეუძლია.
ედვარდსმა განაცხადა, რომ იახტაზე 72 მზის პანელია მოწყობილი, რომლებიც მას საკმარის ელექტროენერგიას აწვდიან.
უჟანგავი ფოლადი იახტას დაზიანებისგან იცავს, რაც მისი მოვლის ხარჯებს 25%-ით ამცირებს.