ჯულიეტას აივანი და შერლოკ ჰოლმსის სახლი - CNN ტურისტების მოსაზიდად ხელოვნურად შექმნილ ადგილებს ასახელებს

დღესდღეობით ტურიზმის გზით შემოსავლის ზრდისთვის ქვეყნები სხვადასხვა გზებს მიმართავენ. ძირითადად ისინი აწყობენ ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და გასართობ სივრცეებს, ადგენენ ტურისტულ მარშრუტებს, ანთავსებენ სარეკლამო ბანერებსა და რეკლამებს.

ამასთანავე, დღეს უკვე არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ტურისტების მოზიდვის მიზნით ღირსშესანიშნაობები ხელოვნურად შექმნეს. CNN ასეთ ტურისტულ მიმართულებებს წარმოგიდგენთ.

ჯულიეტას აივანი, ვერონა

იტალიის ქალაქ ვერონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას ე.წ. ჯულიეტას აივანი წარმოადგენს, რის სანახავადაც აქ მილიონობით ადამიანი ჩამოდის.

მართალია, უილიამ შექსპირის ცნობილი პიესის „რომეო და ჯულიეტას“ პერსონაჟები გამოგონილები არიან და ჯულიეტას ამ სახლში არასოდეს უცხოვრია, მაგრამ, კარგად მოფიქრებული ხრიკის გამო აქ მუდმივად ტურისტთა უწყვეტი რიგები დგას.

შერლოკ ჰოლმსის სახლი, ლონდონი

არტურ კონან დოილის ცნობილი პერსონაჟი შერლოკ ჰოლმსი დეტექტიური ჟანრის წიგნებისა და ფილმების გამო დღემდე ძალიან პოპულარულია. ამის გამო ლონდონში, ბეიქერ სთრით 221-ში მართლაც გახსნეს ე.წ. შერლოკ ჰოლმსის სახლი, სადაც ნაწარმოების მიხედვით მთავარი გმირი ცხოვრობდა. დღეს აქ შერლოკ ჰოლმსის მუზეუმია გახსნილი.

ცისფერი ლაგუნა, ისლანდია

დღეისათვის ისლანდიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს ცისფერი ლაგუნა წარმოადგენს. მართალია, ისლანდიაზე ასობით გეიზერია, თუმცა ისინი კუნძულის აეროპორტიდან შორს მდებარეობენ. ამიტომ ისლანდიაში აეროპორტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ხელოვნური გეიზერი შექმნეს, რომელიც ნამდვილს ჰგავს და უამრავ ტურისტს იზიდავს.

ბუდას ქანდაკება, ჰონგ-კონგი

აზიის კონტინენტზე არაერთი საუკუნის წინანდელი ბუდას უძველესი ქანდაკებაა, რომლებიც დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომ ჰონგ-კონგში 1990 წელს ტურისტების მოსაზიდად ბუდას უზარმაზარი ქანდაკება აღმართეს, რომელიც ძალიან ჰგავს უძველესს. იდეამ გაამართლა და ბუდას ქანდაკებას ყოველდღიურად ათასობით ადამიანი სტუმრობს.

ბექა ბერიაშვილი