კომპიუტერული ბრძანების Cut, Copy და Paste-ის შემქმნელი გარდაიცვალა

აშშ-ში, 74 წლის ასაკში, გამოთვლითი ტექნოლოგიების სპეციალისტი ლარი ტესლერი გარდაიცვალა , რომელიც კომპიუტერული ფუნქციის Cut (Ctrl+x), Copy (Ctrl+c) და Paste (Ctrl+v) შემქმნელი გახლავთ . აღნიშნულის შესახებ AppleInsider იუწყება, ინფორმაციას კომპანიაში Xerox ადასტურებენ, სადაც ის 70-იან წლებში მუშაობდა.

ტესლერი 1945 წელს ბანგკოკში დაიბადა, სწავლობდა სტენფორდში და „სილიკონის ველზე“ ჯერ კიდევ 60-იანებში მივიდა, მაშინ როცა კომპიუტერები ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. მან მუშაობა ინტერფეისის დიზაინზე დაიწყო და ცდილობდა კომპიუტერები მომხმარებლებისთვის უფრო მოხერხებული გაეხადა.

1973 წლიდან 1980 წლამდე ტესლერი Xerox Palo Alto Research Center (PARC)-ში მუშაობდა. სწორედ აქ შექმნა „კოპიფეისტი“, რომელიც პირველად 1073-1976 წლებში გამოიყენეს.

1979 წელს მან ექსკურსიაზე მისულ სტივ ჯობსს და Apple-ის სხვა თანამშრომლებს გიდობა Xerox PARC-ში გაუწია და კომპიუტერების მუშაობა დაათვალიერებინა. მაშინ სადემონსტრაციოდ წარმოდგენილი იყო ფუნქცია Сut, Сopy and Рaste. ამის შემდეგ სტივ ჯობსმა ტესლერი თავისთან სამუშაოდ გადაიბირა.

Apple-ში ტესლერი 1980-1997 წლებში მუშაობდა და ვიცე-პრეზიდენტის წოდებამდეც კი მივიდა. ამ კომპანიაში მან რამდენიმე პროდუქტზე იმუშავა, მათ შორის იყო ჯიბის პერსონალური კომპიუტერი Newton MessagePad და პერსონალური კომპიუტერი Lisa, რომელიც Macintosh-ის წინამორბედი გახლდათ. კომპანიიდან წასვლის შემდეგ მან განათლების მიმართულებით სტარტაპი აამუშავა, მცირე ხნით მუშაობდა Amazon-სა და Yahoo-ში, ბოლო პერიოდში კი ფრილანსერი კონსულტანტი იყო.

კოკა კვირკველია