ბრაზილიაში შესაძლოა, Tesla-ს ქარხანა გაიხსნას

ბრაზილიის ხელისუფლება Tesla-სთან ქარხნის გახსნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

აღნიშნულის შესახებ ბრაზილიის მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინოვაციებისა და კომუნიკაციების სამინისტრო იუწყება.

„შეხვედრა კომპანიის მმართველებთან უკვე გაიმართა, ამ კვირას ასევე გაიმართა შეხვედრა ბრაზილიაში ამერიკის საელჩოს წარმომადგენელთან ვილიამ პოპთან, იმისათვის რომ ხელისუფლების მხრიდან პირველი ნაბიჯები განისაზღვროს“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრაზილიურ მხარეს ხელმძღვანელობს მინისტრი მარკუს პონტისი და ფედერალური დეპუტატი დანიელ ფრეიტასი. მასში ასევე შედიან ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები და პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო საკითხებისა და ნაციონალური თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი, პრეზიდენტ ჯაირ ბოლსონარუს ვაჟი, ედუარდუ ბოლსონარუ. თავად პრეზიდენტმაც, განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი განსახილველ საკითხებს შორის მოხვდება მისი შტატებში 9-10 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს.

ამ მომენტისთვის ქვეყნის პარლამენტში განიხილება კანონპროექტი, რომელიც ელექტრომობილების ტარიფებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ოფიციალური ინფორმაციით, 2019 წელს ბრაზილიაში 11 884 ელექტრომობილი გაიყიდა, მაშინ როცა 2018 წელს მხოლოდ 3965 იყო.

კოკა კვირკველია