საქართველო კავშირის - "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი" წევრი გახდება

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს.

დელეგაციას ჩინეთის საინჟინრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი , ჩინეთის პოლიტსაბჭოს წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ფან იუნჰე ხელმძღვანელობს.

ვიზიტის მიზანია საქართველოს, როგორც "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის" კავშირის მომავალი წევრი ქვეყნის შესაძლებლობების განსაზღვრა ანუ, რამდენად და რა შესაძლებლობებით შეუძლია საქართველოს ჩაერთოს და იყოს კავშირის წევრი ქვეყანა.

დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი შეხვდნენ.

შეხვედრაზე ის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილეს, რითაც ქართული მხარე კავშირის წევრ ქვეყნებთან ითანამშრომლებს.

კავშირის "აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელი" მიზანია აბრეშუმის გზის წევრი ქვეყნების ერთ ეკონომიკურ სივრცეში გაერთიანება და წევრი ქვეყნების ჩართვა ერთობლივ ეკონომიკურ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა პროექტებში.