2019 წელს საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ის სუფთა მოგებამ 81 მილიარდი დოლარი შეადგინა და ის წინა წელთან შედარებით 1900%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინვესტორებისთვის გაგზავნილ ყოველწლიურ წერილში კორპორაციის დირექტორი უორენ ბაფეტი წერს.
მისი თქმით, ასეთი ზრდა გამოწვეულია 2018 წელს ამოქმედებული ახალი წესის GAAP-ის შედეგად. მან აღნიშნა, რომ 2018 წელს კომპანიის სუფთა მოგება მხოლოდ 4 მილიარდი დოლარი იყო, მაშინ როცა 2017 წელს - 45 მილიარდი.
ინვესტორებისთვის გაგზავნილ წერილში ბაფეტი აცხადებს, რომ ის არ ეთანხმება დაანგარიშების ახალ წესს და მეტი კონცენტრირებისკენ მოუწოდა საოპერაციო შემოსავლებზე, რომელიც წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა. 2019 წელს მან 23,9 მილიარდი შეადგინა, 2018-ში კი 24,8 მილიარდი, - წერს Yahoo Finance.
როგორც გამოცემა NYT წერს, წერილში 90 წლის ბაფეტი არ ეხება საკითხს, რომელიც ძალიან აღელვებთ ინვესტორებს, ესაა: ვინ იქნება მისი მემკვიდრე და ვინ ჩაანაცვლებს მას კონგლომერატის დირექტორის პოსტზე. ის მხოლოდ იმას წერს, რომ პენსიაზე გასვლას არ აპირებს უახლოეს მომავალში. ამასთან, უორენ ბაფეტი აცხადებს, რომ მისი სიკვდილისთვის ჰოლდინგი 100%-ით მზადაა.
ცნობისათვის, Berkshire Hathaway ფლობს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა GEICO, Dairy Queen, Duracell, BNSF Railway, ასევე ფლობს წილებს ისეთ კომპანიებში როგორიცაა Apple, American Express და Bank of America. Forbes კი პერსონალურად ბაფეტის ქონებას 90,2 მილიარდ დოლარად აფასებს.