სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე ეგრეთ წოდებულ „გვირაბში“( მ.წინამძღვრიშვილის ქ. #133) ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
მათი ცნობით, ბიზნესოპერატორებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით მიეცათ რეკომენდაციები.
„მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი მაღალი რისკის სურსათის შემოწმება, როგორც ხორცია. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვეველი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია. უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური კონტროლის და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია“,- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.