"სპეციალისტთა ვარაუდით, გლობალური დათბობის მიზეზით განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობა შესაძლებელია 500 ათასით გაიზარდოს"
გლობალური დათბობა და მისგან მიყენებული ზიანი კარგა ხანია გაცხოველებული მსჯელობის საგანია. ბოლო დროს დიდი ხმაური მოჰყვა ანტარქტიდიდან უზარმაზარი, სამი სან-ფრანცისკოსხელა აისბერგის დაძვრას. დღეს ხშირად ამბობენ, რომ ანტარქტიდა დნება და ეს გლობალური კატასტროფის დასაწყისია. პარალელურად, ორად იყოფა მეცნიერთა მოსაზრება იმის შესახებ, მართლაც იწვევს თუ არა ადამიანის მავნე ქმედებები მსგავს პროცესებს. რა არის გლობალური დათბობის არსი და რა ელის კაცობრიობას უახლოეს ათწლეულებში, ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტდეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლაშარ ფულარიანი და ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გლაციოლოგი მიხეილ ელაშვილი გვესაუბრებიან.
"ყინულის ინტენსიურმა დნობამ შესაძლოა, ოკეანეების წყლის დონის 7 მეტრით მატება გამოიწვიოს..."
ლაშარ ფულარიანი: - გლობალური დათბობა კლიმატის ცვლილების გამოვლინებაა, რომელიც შესაძლოა ადამიანის საქმიანობით იყოს გამოწვეული. თუმცა ეს ბუნებრივი პროცესია, მსგავსი მოვლენები - გლობალური დათბობა და გამყინვარება - ჩვეული ამბავია ჩვენი პლანეტის გეოლოგიური წარსულიდან, რაც პრობლემებს უქმნიდა და უქმნის კაცობრიობას, მაგრამ ადამიანი მისი დაჩქარების მაპროვოცირებელია. გლობალური დათბობა ბოლო 50-60 წლის განმავლობაში არცთუ ნელი ტემპით მიმდინარეობს. შედეგები მწვავედ აისახება პლანეტის ბინადართა ცხოვრების წესებზე და მათ არსებობას საშიშროებასაც უქმნის.
დათბობის შედეგად ყინულის ინტენსიურმა დნობამ (ძირითადად, ანტარქტიდაში, გრენლანდიასა და მსოფლიოს მაღალმთიან რეგიონებში) შესაძლოა, ოკეანეების წყლის დონის 7 მეტრით მატება გამოიწვიოს, რასაც ზღვისპირა რეგიონების დატბორვა, წყალდიდობის, წყალმოვარდნების, მეწყერებისა და ზვავების რაოდენობის ზრდა და მოულოდნელობის ეფექტის მკვეთრი სიხშირე მოჰყვება. თოვლის დნობის ინტენსივობამ მკვეთრად მოიმატა, მისი დაგროვებითი დამარეგულირებელი ფაქტორი უკვე 50-60 წელია, იკლებს და მომავალ ათწლეულებშიც ასე გაგრძელდება.
- თქვენი გამოცდილებით შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ იჩენს გლობალური დათბობა თავს ჩვენს რეგიონში?
- 1960-62 წლებში მყინვარწვერის ფერდობზე 3700 მ სიმაღლეზე ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურებში მუშაობისას ყოველ 10 დღეში მიხდებოდა დაკვირვება თოვლის მარაგზე, მის სიმაღლესა და დნობაზე.
მაშინ გერგეტის მყინვარი გადიოდა ე.წ. ჩხერზე (ნაშალი მასალისგან წარმოშობილი ფერდობის დიდი მასა), რომლის სიმაღლე 2000 მეტრია, დღეს კი, დათბობის შედეგად, მისმა სიმაღლე 700-800 მეტრით აიწია, მსგავსად კავკასიონის სამხრეთ ფერდობების მყინვარებისა. 1974 წელს ანტარქტიდის ექსპედიციაში მიმავალი გემიდან ვხედავდი, როგორ აღწევდა მოწყვეტილი აისბერგის ნარჩენები დედამიწის პარალელებამდე. დღეს ასეთი ნარჩენები დნობას 300-400 კმ-ით ადრე ამთავრებს. განუზომლად იმატა ანტარქტიდიდან მოწყვეტილი აისბერგების და შელფური მყინვარების რაოდენობამ და მოცულობამ. წელს ანტარქტიდის კონტინენტზე თებერვალში +20 გრადუსი აღინიშნა. ეს ფაქტიც გლობალური დათბობის ტენდენციაზე მეტყველებს.
- ამას რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს?
- სტიქიური მოვლენების ზრდა, გარემოს დაბინძურება, სითბური ეფექტი... სპეციალისტთა ვარაუდით, გლობალური დათბობის მიზეზით განვითარებულ ქვეყნებში სიკვდილიანობა შესაძლებელია 500 ათასით გაიზარდოს.
2014 წლის 17 მაისს დევდარაკის ხეობაში ღვარცოფმა 5 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის ღორღიანი მასის მოწყვეტა გამოიწვია და თერგის ხეობა ჩახერგა, გაგლიჯა გაზსადენი, წააქცია ელექტრობოძები, მოწყვიტა გზის ნაწილი, მდინარეში გადააგდო 10 ავტომანქანა, რასაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
- ეს გლობალური დათბობის ეფექტია?
- რასაკვირველია! ამას მომდევნო წელს მეორე, უჩვეულოდ მძლავრი სტიქიური მოვლენაც მოჰყვა. 2015 წლის 13-14 ივნისს თბილისის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე 4,5 საათის განმავლობაში მოვიდა 50 მმ წვიმა, რასაც წყნეთის მიმდებარედ, ახალდაბის გზაზე მთის ფერდობის მოწყვეტა, მილიონ კუბურ მეტრამდე ტყიანი ფერდობის მოშლა მოჰყვა. წარმოიშვა ქვაღორღიანი ღვარცოფი, რომელიც დედაქალაქისკენ დაიძრა. ვერეს ხეობის კალაპოტში, ვაკე-საბურთალოს ახალ და ძველ გვირაბებში წყლის დონემ 17 მ-მდე აიწია. დაიტბორა "მზიურის" და ზოოპარკის ტერიტორია. ნაკადმა დაფარა გმირთა მოედანი და, რაც ყველაზე მტკივნეულია, 25 ადამიანი იმსხვერპლა.
1940 წლიდან დღემდე ვერეს ხეობასა და მის წვრილ შენაკადებში 25-მდე წყალმოვარდნა და ღვარცოფია დაფიქსირებული. მსგავსი ღვარცოფი და წყალმოვარდნები ბოლო ათწლეულებში ვერეს ხეობასა და თბილისის გარშემო მდებარე მდინარეებში მკვეთრად გახშირდა; დაირღვა ატმოსფერული ნალექების სიხშირე, რეგულირება და სტაბილურობა; ხეობებში შემცირდა ზვავების, წყალმოვარდნებისა და ღვარცოფების ინტერვალი; იმატა წყლის მასამ და მისი ჩამოსვლის მოულოდნელობამ.
- ეს მაგალითებიც გლობალურ დათბობას უკავშირდება და არა ვინმეს პასუხისმგებლობას?
- ერთსაც და მეორესაც. ვაკე-საბურთალოს ახალი გზა დროზე რომ გადაეკეტათ, მსხვერპლს ავიცილებდით, მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდა საქმე, ალბათ, შედეგზე მაშინაც უნდა დავფიქრებულიყავით, როცა ადამიანებმა უგუნურებით მდინარე ვერე ვიწრო კალაპოტში ჩავჭედეთ.
- გლობალურად თუ განვიხილავთ, როგორ მიმდინარეობს დათბობის პროცესი?
- გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე ტემპერატურამ 0,8-2 გრადუსით იმატა, რაშიც დიდი როლი ეკისრება ანთროპოლოგიურ (ადამიანური ფაქტორი) ჩარევას. ეს, ძირითადად, არის ნახშირორჟანგის ზრდა ატმოსფეროში და ჟანგბადის შემცირება, გამოწვეული ნახშირის, ნავთობის, ბენზინის წვის პროცესებით.
- როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს?
- კაცობრიობის წინაშე დგას პრობლემა, რა უფრო რაციონალურია - გლობალური დათბობის შედეგად გამოწვეულ ზარალთან ბრძოლა, თუ მის შედეგებთან ადაპტაცია. ამას შეიძლება მოჰყვეს ცოცხალ არსებათა გადაგვარება და გადაშენება, ადამიანთა დაავადებების მატება და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.
მეცნიერთა ნაწილი უიმედოდ არის განწყობილი და მიიჩნევენ, რომ ადამიანები ამ პროცესებს წინ ვერ აღუდგებიან, ამიტომ ამჯობინებენ, მეტი ძალისხმევა გამოვიჩინოთ გლობალური დათბობის შედეგებთან ადაპტაციისათვის. გლობალურ დათბობასთან ბრძოლისა და მისი მართვის სასარგებლოდ მეტყველებს შეერთებული შტატების სამხედრო უწყების, პენტაგონის მოქმედების პროგრამაში შეტანილი მოსაზრება - ვინც მართავს ამინდს, ის მართავს მსოფლიოს.
50-100 წლის შემდეგ შესაძლოა მთავრობები საჭირო არ იყოს, მაგრამ სახელმწიფო ჰიდრომეტსამსახურების არსებობა აუცილებელი იქნება და მათი როლიც თანდათან უფრო გაიზრდება.
"დედამიწა შეუცნობელი ცოცხალი ორგანიზმია და არავინ იცის, რას შემოგვთავაზებს"
მიხეილ ელაშვილი: - ანტარქტიდაზე ეს პროცესები დაახლოებით 13-12 000 წლის წინათაც მიმდინარეობდა, როცა დედამიწის მორიგი, ბოლო გამყინვარება დასრულდა და შედეგად, დაახლოებით 10 000 წლის წინ, დედამიწის მორიგი დათბობა დაიწყო. ჩვენც სწორედ ამ დათბობაზე ვსაუბრობთ, რომელიც ისევ გრძელდება. ამ პროცესებზე დაკვირვების საშუალება მხოლოდ ჩვენს თაობებს მიეცათ. დღევანდელი კვლევების საგანი მხოლოდ დნობა არ არის. როდესაც ჩრდილოეთი პოლუსი, ანტარქტიდა დნება, პარალელურად, სამხრეთ პოლუსზე, არქტიკაზე, გამყინვარება შეინიშნება. მართალია, ჯამში დნობა გამყინვარებას აჭარბებს, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესია. ჩვენს პლანეტაზე მორიგი დათბობისას მყინვარები უკან იხევენ, მათი წყალი ოკეანეებში ჩაედინება და წყლის დონე იმატებს. თუკი მყინვარები სრულად დადნება, ბუნებრივი პროცესი იქნება, რომ, მაგალითად, ჩვენი წყალუხვი მდინარეები, ალაზანი ან რიონი, გაქრეს, ან მხოლოდ ნალექებზე იყოს დამოკიდებული და არა მყინვარების წყლებზე. ბუნებრივი პროცესი იქნება, თუ მწვერვალებზე, მთის კურორტებზე, მუდმივი მზრალობის მიწები გადნება და გააქტიურდება მეწყერსაშიში ზონები. ამისთვის საკმარისი იქნება თუნდაც დევდარაკის დნობა. იმავდროულად, დანამდვილებით არ ვიცით, რომ ეს მართლაც მოხდება - დედამიწა შეუცნობელი ცოცხალი ორგანიზმია და არავინ იცის, რას შემოგვთავაზებს. ამიტომაც არის, რომ მეცნიერება არაერთ "მოდელირებულ ქრონიკას" ქმნის და არა საბოლოო პროგნოზს.
იხილეთ სრულად გაზეთ „კვირის პალიტრის" 24 თებერვლის ნომერში