2019 წლის მე-4 კვარტალში უცხოეთში საქართველოდან 628 000 მოგზაური გავიდა

2019 წლის მეოთხე კვარტალში საზღვარგარეთ საქართველოს 628,000 რეზიდენტი იმყოფებოდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამ პირებიდან 344,000 ვიზიტორი უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ერთ ღამეზე მეტი ხნით დარჩა, შესაბამისად, ისინი ოფიციალური მეთოდოლოგიით ტურისტებად ითვლებიან, 284,000 ვიზიტორი კი, ერთ დღეზე ნაკლები ხნის განმავლობაში იმყოფებოდა, შესაბამისად, ეს ვიზიტები "ექსკურსიულ ვიზიტებად" ითვლება.

საქსტატის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეთა უცხოეთში ვიზიტების მთავარ მიზანს მეგობრების/ნათესავების მონახულება წარმოადგენს.

საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 54.7 პროცენტი ტურისტული ვიზიტი იყო.

„საქსტანტის“ ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა, 45.9 პროცენტი, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ განხორციელდა. ხოლო ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 41.9 პროცენტს შეადგენდა.

ვიზიტების უმრავლესობა თურქეთსა და აზერბაიჯანში შესრულდა, შესაბამისად, 263 200 და 111 700 ვიზიტი.

2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804 ლარს გაუტოლდა.

ლიკა ამირაშვილი